ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა „დებიძინიზაციის გარეშე” შეუძლებელია. მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია და არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეც დაიწყოს მსჯელობა.
„ბიძინა და ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია ერთმანეთთან. დებიძინიზაციის გარეშე ევროკავშირში გაწევრება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და ვიცი მათი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დაფუძნებული დამსახურებაზე, ეს იყო უფრო ქართველი ხალხის წახალისება, რომ ისინი არ უნდა დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელონ.
მე არ ვიცი, ამაზე უფრო როგორ უნდა გართულდეს სიტუაცია და არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. საქართველო ლიდერი იყო ევროპული რეფორმების მხრივ, ახლა კი სომხეთი უფრო წინ არის, ვიდრე საქართველო”, – განაცხადა მან [„მთავარი არხის” თარგმანი].
თბილისში მეორე დღეა მე-8 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ვიზიტით იმყოფებიან ევროპარლამენტარები და დასავლელი პოლიტიკოსები. გუშინ მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე პრაქტიკულად ომს უცხადებს საქართველოს პარტნიორებს, თუმცა ამავე დროს ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას.