იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ხდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტში „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პაკეტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონისა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იურიდიული სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ ცვლილებებში ამ მუხლის ფორმულირებიდან ამოღებულია წინადადება – „სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს“.

ასევე, პრემიერ-მინისტრს ენიჭება დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და მისი თანამდებობიდან განთავისუფლების უფლებამოსილება.

იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია ადვოკატის საკუთარი სახსრებით დაქირავება.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილებები შედის იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობასა და მისი დირექტორის არჩევაში.

იურიდიული დახმარების საბჭო:

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობა და ფორმირების პრინციპი. 

თუ აქამდე საბჭო 9 ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული, წევრთა რაოდენობა 2 ადამიანით შემცირდება და 7 გახდება. 

დღეს მოქმედი კანონით, საბჭოში წევრებს პროფესიული წრეებიდან ირჩევენ:

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ირჩევს 3 წევრს;

სახალხო დამცველი – 3 წევრს;

იურიდიული დახმარების ბიუროები – 1 წევრს;

იუსტიციის მინისტრი – 1 წევრს;

იუსტიციის საბჭო – 1 წევრს.

შემოთავაზებული ცვლილებით, საბჭოში პირდაპირ დაინიშნებიან კონკრეტული პირები, მათ შორის, პარლამენტის ორი წევრი – იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები;

იუსტიციის საბჭოს მდივანი; გენერალური პროკურორი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

საბჭოში აღარ შევა უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატთაგან არჩეული წევრი. 

იცვლება საბჭოს წევრთა უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა. ახალი წესით დაკომპლექტებული საბჭოს წევრები საბჭოში იმ დროით დარჩებიან, რა დროითაც შესაბამის თანამდებობას იკავებენ. 

მაგალითად, გენერალური პროკურორი, რომელიც 6 წლის ვადითაა არჩეული, იურიდიული დახმარების საბჭოში გენპროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩება.

კანონიდან საერთოდ ამოღებულია ის ნაწილი, რომელიც საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს განიხილავს.

 საბჭოს დირექტორის არჩევა:

შემოთავაზებული ცვლილებით, საბჭოს წევრები ღია კონკურსის წესით აღარ აირჩევენ დირექტორს და ვეღარ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ. 

დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და მისი თანამდებობიდან განთავისუფლების უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს ენიჭება. დირექტორობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად საბჭო წარუდგენს.

იურიდიული დახმარების სამსახურის მოქმედ დირექტორს უფლებამოსილება 2026 წლის 1 მაისიდან  შეუწყდება და  კომპენსაციას 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გადაუხდიან.  

როდის შედის კანონი ძალაში?

კანონპროექტის ძირითადი ნაწილი  2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, სწორედ ამ დროისთვის უნდა ჰქონდეს შეწყვეტილი საბჭოს წევრებსაც უფლებამოსილება და საბჭოს ახალმა შემადგენლობამ დირექტორის კანდიდატი პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად უნდა წარუდგინოს. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღწერილი, წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, სამსახურისა და იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობისა და მისი კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებაც. 

რა არის იურიდიული დახმარების სამსახური?

იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია,  რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად გადაიხადოს ადვოკატის მომსახურება სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში. 

სამსახურში მუშაობენ საზოგადოებრივი ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან განცხადებებისა და საჩივრების მომზადებაში, იცავენ მათ უფლებებს, შესაბამის ხარჯებს კი სახელმწიფო ანაზღაურებს.