„ოცნების“ პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს იურიდიული დახმარების სამსახურის კანონში შესატან ცვლილებებს.
ინიციირებული ვერსიით დაგეგმილი იყო, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე, პრემიერი დანიშნავს სამსახურის დირექტორს, ასევე იცვლება იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობაც.
ინიციირებული ვერსიით ასევე დაგეგმილი იყო, რომ საბჭოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები; იუსტიციის საბჭოს მდივანი; გენერალური პროკურორი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.
პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ გამოითქვა შენიშვნა საბჭოში გენერალური პროკურორის ყოფნასთან დაკავშირებით, რის შემდეგად კომიტეტზე იმსჯელეს, რომ იურიდიული დახმარების საბჭო გაუქმდეს და მისი უფლებამოსილება შეითავსოს ან პრემიერ-მინისტრმა ან იუსტიციის მინისტრმა.
გორდულაძემ დეპუტატებს შესთავაზა, ემსჯელათ ამ საკითხზე.
„[იურდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტებაზე] გამოითქვა შენიშვნები საკომიტეტო განხილვისას, ამავდროულად, აქვთ საკუთარი მოსაზრებები ადვოკატებს და პროფესიულ წრეებს, რომელთა აზრითაც, გენპროკურორის საბჭოში ყოფნა შეიძლება, იწვევდეს ინტერესთა კონფლიქტს და მიუხედავად იმისა, რომ აქვს ამ აზრს არსებობის უფლება, ვერ ვხედავთ ასეთ საშიშროებას, კომიტეტის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ვიმსჯელეთ, საერთოდ თუ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, საბჭოში აღარ იყოს.
ამავდროულად, დაისვა საკითხი, რომ მაშინ საბჭოში ნებისმიერი პირის ჩართულობა, რომელიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ სამსახურთან, ანალოგიურ კითხვის ნიშნებს ხომ არ გააჩენს და კომიტეტის ფარგლებში ვიმსჯელეთ, რომ საერთოდ აღარ იყოს საბჭო და კანონით გაიწეროს დირექტორის უფლებამოსილებები და დირექტორი დანიშნოს იუსტიციის მინისტრმა და იუსტიციის სისტემაში იყოს შემავალი.
განსახილველად გთავაზობთ ორივე ვერსიას – ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც იუსტიციის მინისტრი დანიშნავს დირექტორს და საბჭოს უფლებამოსილებები შეწყდება და ამ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი; მეორე ვერსია ისაა, რომ დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა ხელმძღვანელი და საბჭოს უფლებამოსილებები განახორციელოს პრემიერმა“, – თქვა სხდომაზე არჩილ გორდულაძემ.
გორდულაძის ამ შეთავაზების საპასუხოდ „ოცნების“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უმჯობესი იქნება, საბჭოს უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრმა შეითავსოს და სამსახური პრემიერის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული.
„თავის დროზე, როდესაც ეს ბიურო დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, ჩემი ხელმძღვანელობის დროს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო და ვფიქრობ, კარგი ინიციატივა იყო და იმ დროის მოთხოვნებს პასუხობდა.
გასაგებია, რომ დღეს სხვა რეალობაში ვართ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემი იუსტიციის სამინისტროში მსახურობის დროს იყო რაღაც პატარა პერიოდი, როდესაც ამ ბიუროს, არ გაგიკვირდებათ და, საქმიანობის ერთი ნაწილის ხელში ჩაგდება კონკრეტული დონორების ჯგუფმა მოისურვა და მაშინ მე ამას შევეწინააღმდეგე და დავიცავი ბიუროს დამოუკიდებლობა, ამიტომ მე ძალიან ბევრი რამ ძალიან კარგად მესმის, არ ჩამითვალოთ კადნიერებაში.
არ ვდაობ იმაზე, რატომ ვაკეთებთ, ვაკეთებთ, რეალობა სხვა არის და გასაგებია. მოდით, შევარჩიოთ საუკეთესო – მე მხარს დავუჭერდი პრემიერ-მინისტრთან ამ ბიუროს არსებობას, ინსტიტუციურად ეს უფრო სწორია“, – თქვა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
რა არის იურიდიული დახმარების სამსახური?
იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად გადაიხადოს ადვოკატის მომსახურება სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში.
სამსახურში მუშაობენ საზოგადოებრივი ადვოკატები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან განცხადებებისა და საჩივრების მომზადებაში, იცავენ მათ უფლებებს, შესაბამის ხარჯებს კი სახელმწიფო ანაზღაურებს.
მოქმედი კანონით, იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია.