იურიდიული კომიტეტის სხდომა ჟურნალისტებს შესვენების დროს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

პუბლიკა

დღეს დეპუტატებმა იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას კენჭი უნდა უყარონ. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგადაც ჟურნალისტებს სხდომის დარბაზი დაატოვებინეს. კადრებში ჩანს, მანდატურები ძალის გამოყენებით როგორ ატოვებინებენ დარბაზს ჟურნალისტებს. მსგავს კადრებს ავრცელებს გამოცემა „ტაბულაც”.

გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი „ტვ პირველის“ ეთერში ჰყვება, თუ როგორ დაატოვებინეს მანდატურებმა ძალის გამოყენებით დარბაზი.

„ხელების გადაგრეხვით, ძალით, არ ვიცი ვისი ბრძანება იყო. ერთ-ერთი მანდატური მეუბნებოდა შენ აქედან პირველი გახვალო. არ ვიცი რას ვაშავებდი ან რატომ უნდა გამოვსულიყავი. მეჭირა ტელეფონი და პირდაპირ ეთერში ვაშუქებდი „ტაბულაზე!.

რომ გამოგვყარეს ძალით, მერე ეტყობა მიხვდნენ რომ ასე არ შეიძლება, მერე გამოვიდა (სოფო კილაძე) და თქვა შემოვიდნენ ჟურნალისტებიო, როცა გვყრიდნენ და გვცემდნენ და ხელებს გვიგრეხდნენ მანდატურები, კადრებიც არის, მაშინ უნდა ეთქვა ანრი ოხანაშვილს ან სხვებს რომ ნუ ძალადობთ ჟურნალისტებზე, მაგრამ მსგავსი არაფერი არ ყოფილა“,- ამბობს ჟურნალისტი

 

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ ასეთი არაფერი უნახავს: „შესვენება გამოცხადდა იურიდიულ კომიტეტში და ამ დროს ჟურნალისტები (უმეტესად გოგოები) გაიყვანეს რაგბის ილეთებით. ან რა მიზანი ჰქონდა ამას, ან ვის მოაფიქრდა, ან ესეთი მიძალება რა საჭირო იყო. რამე კრიმინალი ხდებოდა, რამე იწვოდა თუ რა ვერ გავიგე“, – წერს გიორგი ბურჯანაძე.

პარლამენტთან დილიდან აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. მოქალაქეეები, ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მოსამართლეობის ამ კანდიდატების მხარდაჭერას. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭინონ ამ სიას.