იურიდიულის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის ლექტორობით საგანი ამოშალეს

პუბლიკა

„არ მინდა ისეთი ადამიანის ლექციაზე ყოფნა, რომელიც თავად არ სცემს პატივს იმას, რასაც ასწავლის“, – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის ლექტორობით საგანი ამოშალეს. ამის შესახებ „პუბლიკასთან“ პირველი კურსის სტუდენტი აცხადებს.

მისი თქმით, სტუდენტებმა კობახიძის ლექციის მსგავსად, უარი თქვეს გიორგი კახიანის ლექციაზეც. კახიანიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.

საუბარია საგანზე – „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფოებრივი მოწყობის) სამართალი“. სტუდენტის თქმით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეს საგანი სავალდებულოა და ასევე წინაპირობაა სხვა საგნების ასარჩევად.

როგორც ის ამბობს, ოთხმა სტუდენტმა სხვა სტუდენტების სახელით მიმართეს ადმინისტრაციას, მიეცათ მათთვის საშუალება, რომ გადაერჩიათ კობახიძის ლექტორობით საგანი და ჩაესვათ იგივე საგანი სხვისი ლექტორობით. მისივე ცნობით, ამ საგანს სულ ოთხი ლექტორი ასწავლის, მათ შორის არიან კობახიძე და კახიანი.

„ვინაიდან სავალდებულო საგანია, ადგილები მალე ივსება. როცა გადავწყვიტეთ, რომ სხვა ლექტორთან უნდა გადავსულიყავით, აღარ იყო მათთან ადგილები. ამიტომ მივედით ადმინისტრაციაში, რომ მოგვეთხოვა ადგილების დამატება და იმ სტუდენტების გადაყვანა, ვისაც სხვა ლექტორთან უნდოდა.

ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ მსურველებს უნდა მიგვემართა ოფიციალური განცხადებით თსუ-ის ვებგვერდიდან. შემდეგ დღეებში კი ადმინისტრაციამ ეტაპობრივად გაანაწილა სტუდენტები დანარჩენ ორ ლექტორთან“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“.

სტუდენტის ინფორმაციით, თავიდან 150 ადგილი ჰქონდა ყველა ლექტორს. „ამ მოთხოვნების შემდეგ კობახიძესთან დარჩა 70 [კვოტა], ანუ შემცირდა, კახიანთან – 60. ახლა კობახიძეს თავისუფალი აქვს 14 ადგილი, კახიანს – 12.

შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფები განახევრდა. თავიდან 140 სტუდენტამდე იყო დარეგისტრირებული, ჩემი ინფორმაციით“, – ამბობს ის.

ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად, თუ რამდენმა სტუდენტმა გადაირჩია ირაკლი კობახიძის საგანი, „პუბლიკამ“ თსუ-ის პრესსამსახურს მიმართა შეკითხვებით და სთხოვა, გადაემოწმებინა ყველა ის მონაცემი, რომელსაც ჩვენთან საუბარში სტუდენტი ასახელებდა.

თსუ-დან მოგვწერეს მხოლოდ ეს: „იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტები სალექციო ნაკადებს ირჩევენ საკუთარი სურვილისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით. პროფესორი ირაკლი კობახიძე თსუ-ში კითხულობს სალექციო კურსს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფოებრივი მოწყობის) სამართალი. სალექციო კურსსა და მის სასემინარო ნაკადებზე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია შესაბამისი რაოდენობის სტუდენტი“, – აცხადებს თსუ.

რატომ გადაირჩია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა კობახიძის საგანი?

„როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მეც და ალბათ ძალიან ბევრს, გვინდოდა, მიგვეღო განათლება ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც იქნებოდნენ ერთგულები თავიანთი პრინციპებისა და ღირებულებების. არ მგონია, რომ უნივერსიტეტი კონკრეტული დებულებების დაზეპირებისთვის არის შექმნილი. ის უნდა გვეხმარებოდეს სწორი პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

ირაკლი კობახიძემ კი, რომელმაც ამდენი ძალისხმევა და რესურსი დახარჯა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ განათლების მიღებაში, დაწერა წიგნებიც და სტუდენტებსაც ასწავლის, ამ ყველაფერთან ერთად გარეთ საპირისპიროს აკეთებს და ღალატობს იმას, რასაც ჩვენ გვასწავლის – ეს ჩემთვის მიუღებელია. არ მინდა ისეთი ადამიანის ლექციაზე ყოფნა, რომელიც თავად არ სცემს პატივს იმას, რასაც ასწავლის. ის უხეშად არღვევს იმას, რაც კონსტიტუციაში წერია.

არაფერი მაქვს სასწავლი ასეთი ადამიანისგან, რომელიც მეუბნება, რომ სახელმწიფოს განვითარებისა და დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფო, თანაზომიერების პრინციპი და მეორე დღეს მე და სხვა ადამიანებს მხუთავი აირით რომ გვგუდავს, გამოდის რომ მატყუებს. უნივერსიტეტში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ვინმესგან ტყუილები ვისმინო.

ირაკლი კობახიძეს თავად უწერია წიგნში, რომ სახელმწიფო არის შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და სამართლიანი სამართლით, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად არ ითვალისწინებს, არ იზიარებს ამას, არ სცემს პატივს“, – ამბობს იურიდიული კურსის სტუდენტი „პუბლიკასთან“ საუბრისას.