იურიდიულმა კომიტეტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილებებს უმრავლესობის ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

“კენჭისყრაზე ვაყენებ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს იმ დათქმით, რომ უფლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რაც გაჯღერდა, ამ მიმართულებით გავაგრძელოთ მუშაობა შესაბამისი ცვლილებების ასახვაზე.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

საქართველოში მომუშავე სამოქალაქო სექტორი კანონპროექტს კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილ თავდასხმად, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევად აფასებს.

„კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე, რომ შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიციირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვებაა“, – წერია NGO-ების განცხადებაში.