იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პუბლიკა

იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას გულისხმობს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

„კომიტეტის სრული მხარდაჭერა, როგორც „ოცნების“ გუნდის ყველა წევრის მხარდაჭერა აქვს კომიტეტზე, ასევე პატრიოტთა ალიანსი და ბატონი გედევან ფოფხაძეც მხარს უჭერს  ამ ცვლილებებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცვლილებების პროექტს 21 ივნისს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე განსახილველად გაიტანენ და კენჭს უყრიან.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. კენჭისყრასა და განხილვებში არ მონაწილეობენ ენმ და „ევროპული საქართველო“.