იურისტების განმარტებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს სესიაზე

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. დილით გავრცელებულ განცხადებაში პარტია წერს, რომ „ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იურისტები ეხმაურებიან. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.

„გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით)

1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული;

2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.

რაა საჭირო?

1.პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);

2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას. ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!” – წერს მენაბდე.

ცნობილია, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომები არ გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უცნობია, როდის გეგმავს მმართველი პარტია პირველი მოსმენით მიღებული კანონის მეორე მოსმენაზე გატანას.