„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი წერს, რა უნდა გაითვალისწინო, თუ დაგაკავებენ:
„1. დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილში, პოლიციის განყოფილებაში ან განყოფილებიდან იზოლატორში ავტომობილით გადაყვანისას დაუშვით, რომ პოლიციის მხრიდან თქვენი საუბარი იწერება. ამიტომ მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პოლიციასთან კომუნიკაციისგან. საერთოდ თუ არ შეხვალთ კომუნიკაციაში, უკეთესია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი ჩანაწერი პოლიციას დაკავებულთა პროცესის დროს გამოუყენებია, დაკავებულის წინააღმდეგ.
შეგიძლიათ არ უთხრათ არც ვინაობა. თქვენ გაქვთ ამის უფლება და პოლიცია ვალდებულია, თვითონ დაადგინოს თქვენი ვინაობა.
2. არ მოაწეროთ ხელი არცერთ დოკუმენტს. თქვენ გაქვთ ამის უფლება. უარი განაცხადეთ ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე – გარდა დოკუმენტისა, რომელშიც აღწერილი იქნება თქვენთვის ჩამორთმეული ნივთები.
ამასთან დაკავშირებით პოლიცია ადგენს ნივთებით სარგებლობის შეზღუდვის ოქმს და ის არ არის დაკავების ოქმის ნაწილი.
3. მოითხოვეთ ჩამორთმეული ნივთების დალუქვა თქვენ თვალწინ.
4. პოლიციის განყოფილებაში ან მის ეზოში შესვლისთანავე, იზოლატორში გადაყვანამდე მოითხოვეთ სამედიცინო შემოწმება. თქვენ გაქვთ უფლება, დაკავებისთანავე მოითხოვოთ ეს და პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თქვენი შემოწმება.
თუ არ აკეთებს ამას, კანონს არღვევს, თუ იძახებს სასწრაფო დახმარებას, აუცილებლად დააფიქსირეთ სასწრაფო დახმარების მიერ ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ შედგენილ დოკუმენტში ყველა დაზიანება, ჯანმრთელობის პრობლემა, რაც დაკავებისას ან მას შემდეგ შემოწმებამდე მოგადგათ, ასევე, დააფიქსირეთ დაზიანების მიზეზი.
5. თქვენ გაქვთ ადვოკატის ყოლისა და თქვენი დაკავების შესახებ ახლო ნათესავის ან სხვა პირისთვის შეტყობინების უფლება.
6. იზოლატორში შესახლებისას სავალდებულოა თქვენი ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება. შემოწმებისას დეტალურად დააფიქსირეთ დაზიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე მათი წარმომავლობის გარემოებები და მიზეზი – პოლიციის მხრიდან ცემა, დაკავებისას დაზიანების მიღება და ა.შ.
ამასთან, ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ დოკუმენტში აუცილებლად დააფიქსირეთ პრეტენზია პოლიციის ქცევის მიმართ, როგორც უკანონო დაკავების, ასევე თქვენ მიმართ პოლიციის მხრიდან ცემის, არასათანადო, არაადამიანური, წამების ტოლფასი მოპყრობის შესახებ.
აუცილებლად, დააფიქსირეთ წერილობით, რომ იზოლატორმა თქვენი პრეტენზია გადაგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ყურადღებით გაეცანით ამ დოკუმენტს. უზუსტობის შემთხვევაში მოითხოვეთ შესწორების შეტანა და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი იზოლატორში შედგენილ დოკუმენტს“, – წერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე.
იურიდიული დახმარების ცხელი ხაზია: 577070563