იუსტიცია ტიკარაძეს მიმართავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის ანალიზისთვის გამოიყოს ექიმების ჯგუფი

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტებსა და სახალხო დამცველს და მოუწოდებს მათ, სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ მონიტორინგი აწარმოონ.

„მივმართავთ  თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს,  რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი;

მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.

მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.