იუსტიციამ აქტების გამოცემა დაიწყო - იქმნება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი

პუბლიკა

იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება დაიწყო.

როგორც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულად ემატება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილება იქნება კანონთან დაკავშირებული საკითხები.

დეპარტამენტი შედგება ორი სამსახურისგან:

  • რეგისტრაციის სამსახური;
  • დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.

ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ამოცანა იქნება:

დეპარტამენტის ამოცანებია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

დ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სწორედ სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი იქნება ე.წ. სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. კერძოდ, ამ პირის გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება დაიწყოს ორგანიზაციის მონიტორინგი, გამოითხოვონ ორგანიზაციიდან პერსონალური მონაცემები და ა.შ. 


რუსული კანონის მიღების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ორი თვე ჰქონდა, რომ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები განეხორციელებინა.

გარდა ამ ბრძანებისა, იუსტიციის მინისტრმა ასევე უნდა დაადგინოს საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესი და საფინანსო დეკლარაციის ფორმა; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის განცხადების ფორმა და ორგანიზაციათა მონიტორინგის წესი.


28 მაისს „ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონი მიიღო.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.