იუსტიციის მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მინისტრმა „სინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა.

გუშინ „სინოფარმის“ ვაქცინით პარლამენტის წევრები აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.


ამ დროისთვის საქართველოში 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი – „სინოფარმით“.

„სინოფარმის“ ვაქცინას, ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი (SAGE) „სინოფარმის“ შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიმართ.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში წარმოებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას – მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის – 91%.