იუსტიციის მინისტრობის დროინდელ საქმეზე წულუკიანს შრომითი დავა მოუგეს

პუბლიკა

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ცნობით, ნოტარიუსმა, მედეა გვაზავამ, იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავა წარმატებით დაასრულა.  საქმე ეხება თეა წულუკიანის ბრძანებით მედეა გვაზავას ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„გათავისუფლების საფუძველი იყო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმდროინდელი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსს თანამდებობაზე ყოფნის უფლება ჰქონდა 65 წლის ასაკამდე. თუმცა კანონი გამონაკლისის სახით ადგენდა, რომ იუსტიციის მინისტრს შეეძლო ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაეგრძელებინა მისთვის უფლებამოსილების ვადა, არა უმეტეს 5 წლით.

ამის საპირისპიროდ, მედეა გვაზავას არ დასცალდა, ესარგებლა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ბევრად ადრე მიიღო, ვიდრე მედეა გვაზავას შეუსრულდებოდა 65 წელი.

აღსანიშნავია, რომ მედეა გვაზავამ მოიგო ძირითადი სასარჩელო დავა, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილებები და გაუგრძელა მას უფლებამოსილების ვადა. აღნიშნულის შემდგომ ნოტარიუსმა დაიწყო მეორე დავა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან ვერ მიიღო უკანონოდ გათავისუფლების გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა“, – ნათქვამია GDI-ის ინფორმაციაში.