საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეაფასა. მისი ვარაუდით, ახალი თავმჯდომარე პარლამენტის მიერ დეკემბერში არჩეული მოსამართლეებისგან აირჩევა.
„როგორც ჩანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევანს გააკეთებს იმ ახალ მოსამართლეებზე, რომლებიც პარლამენტმა კანონდარღვევით აირჩია დეკემბერში. არც ერთ მათგანს არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება იმისა, რომ იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და იყოს სამართლიანობის სახე”, – განუცხადა ჟურნალისტებს ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ფიქრობს, რომ დახურულ კარს მიღმა გამრთული კონსულტაციები ფარსია იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭომ მიმდინარე პროცესი დემოკრატიულად წარმოაჩინოს. ის ფიქრობს, რომ ახალი თავმჯდომარე „კომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის”.
დღეს, 15:00 საათიდან უზენაეს სასამართლოში კონსულტაციები გაიმართება ამავე ინსტნაციის მოსამართლეებთან. კონსულტაციები დახურული იქნება და, სავარაუდოდ, ერთ საათს გაგრძელდება. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის” (EMC) შეფასებით, „ბუნდოვანია, რა პროცედურით და წესით გაითვალისწინებს მოსამართლეების პოზიციებს საბჭო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას”.
დღესვე საბჭო სხდომას გამართავს უზენაეს სასამართლოში, სადაც პარლამენტისთვის წარსადგენ კონკრეტულ კანდიდატურებზე იმსჯელებენ. საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატურას საბჭო პარლამენტს იმ შემთხვევაში წარუდგენს, თუ მას საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3 დაუჭერს მხარს.
„შემოთავაზებული პროცედურა არ ტოვებს სანდოობის განცდას, ვინაიდან კონსულტაციისთვის განსაზღვრული ერთსაათიანი ვადა ობიექტურად ვერ იქნება საკმარისი უზენაესი სასამართლოს 22 მოსამართლისა და საბჭოს წევრებს შორის სათანადო მსჯელობის წარმართვისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციას ფორმალური ხასიათი აქვს და საბჭოს მიზანი რეალური დისკუსიის წარმართვა არ არის. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, კონსულტაციების დახურულ ფორმატში წარმართვა უარყოფითად აისახება პროცესის მიმართ სანდოობაზე,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2018 წლის აგვისტოდანაა, მას შემდეგ, რაც ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.