იუსტიციის საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილ იმპლემენტაციას - ანგარიში

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად აქვეყნებს ჩრდილოვან ანგარიშს „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“.

ანგარიშში შეფასებულია შემდეგი ხუთი საკვანძო მიმართულებით განხორციელებული აქტივობები: (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და ინსტიტუციური მოწყობა; (2) მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და დაწინაურების სისტემა; (3) მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემა; (4) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა და საქმიანობის რეგულირება; (5) სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება.

კერძოდ, ანგარიშზე მუშაობის პროცესში შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

სასამართლო სისტემის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანები, 2017 წლის მდგომარეობით, მეტწილად პასუხობდა სასამართლოში იმ დროისთვის არსებულ გამოწვევებს. დოკუმენტები ფარავდა თითქმის ყველა იმ ძირითად საკითხს, რომლებზე მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. როგორც აღინიშნა, 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, რიგით მეორე – 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საბჭოსთვის სტრატეგიის დოკუმენტით გაწერილ თემებზე მუშაობა პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენდა.

მართლმსაჯულების სისტემაში წლების მანძილზე დაგროვილმა სისტემურმა პრობლემებმა, ლოგიკურად გამოიწვია სასამართლოს მიმართ დაბალი საზოგადოებრივი ნდობა და პროფესიული ჯგუფების მწვავე კრიტიკა. ამ ფონზე, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ფორმატი, არის კარგი შესაძლებლობა, პროფესიული ჯგუფების ჩართულობით და საერთაშორისო ექსპერტიზის გამოყენებით, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები მართლმსაჯულების რეალურად გაუმჯობესებისთვის. სამწუხაროდ, როგორც წინა, ასევე წარმოდგენილმა მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად თუ სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება, რითიც ამ ფორმატის არსებობას და ქმედითობას, მნიშვნელოვანი ჩრდილი ადგება. მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმის ოთხი ტალღისა და რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, სამწუხაროდ, ქართულ სასამართლოში კვლავაც არსებობს მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები და გამოწვევები, რომელთა დროული და ეფექტიანი გადაწყვეტა რადიკალურ და ძირეულ რეფორმას საჭიროებს.

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი აღსრულების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, პასუხისმგებელ უწებებს, პირველ საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. შესაბამისად, მეორე საანგარიშო პერიოდში მიმოხილული პრობლემური საკითხები, მეტწილად ემთხვევა წინა ჩრდილოვან ანგარიშში დასახელებულ გამოწვევებს.

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებისა და ახალი, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

► 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მეორე პროგრესის ანგარიში დღემდე არ არის დამტკიცებული/გამოქვეყნებული. ახალი სამოქმედო გეგმისა და მეორე პროგრესის ანგარიშის პროექტები დაინტერესებულ მხარეებს ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულის პერიოდში მიეწოდათ წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად; იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებულ წერილებში არაფერია ნათქვამი პროცესის გაჭიანურების მიზეზებსა და ამ დოკუმენტების სავარაუდო დამტკიცების/გამოქვეყნების თარიღზე;

► მეორე პროგრესის ანგარიშის პროექტი, ისევე როგორც წინა საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში, მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და სრულყოფილ ინფორმაციას, აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ, არ შეიცავს;

► უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ 3 ღია სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ დახურულ ფორმატში ოთხივე სამუშაო ჯგუფის არაერთი შიდა საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა; საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული წერილები, ასევე მიუთითებს სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრებზე, რომლებიც დახურული იყო და მათ მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, არც საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული მონაცემები შეხვედრების მიმდინარეობისა და განხილული საკითხების შესახებ;

► მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საანგარიშო წელს, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საჯარო სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დასწრების შესაძლობა შეუფერხებლად ეძლეოდათ, პრობლემურია საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, სამუშაო ჯგუფს უფლება აქვს, კენჭისყრის საფუძველზე შეზღუდოს სხდომაზე დასწრება.

2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობების შესრულების თვალსაზრისით, შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:

► იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების მიზნით, ამ მონიტორინგის ფარგლებში შეფასებული 10 აქტივობიდან 3 შესრულებულია, 4 – ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 3 – შეუსრულებელია;

► მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნასა და დაწინაურებასთან დაკავშირებული ამ მონიტორინგის ფარგლებში შეფასებული 18 აქტივობიდან შესრულებულია -1 , 7 – ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 10 – შეუსრულებელია;

► მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სრულყოფის მიზნით, ამ მონიტორინგის ფარგლებში შეფასებული 15 აქტივობიდან 4 შესრულებულია, 3 – ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 8 – შეუსრულებელია;

► იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციურ მოწყობასა და საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული ამ მონიტორინგის ფარგლებში შეფასებული 9 აქტივობიდან შესრულებულია -1, ნაწილობრივ შესრულებულია – 6, ხოლო 2 – შეუსრულებელია;

► სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მონიტორინგის ფარგლებში შეფასებული 16 აქტივობიდან 2 შესრულებულია, 11 – ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 3 – შეუსრულებელია.

შესაბამისად, ამ საანგარიშო პერიოდში განხილული 68 აქტივობიდან, ჯამში შესრულებულია – 11, ნაწილობრივ შესრულებულია – 31, შეუსრულებელია – 26, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, ორივე საანგარიშო პერიოდში, ჯამში განხილული 92 აქტივობიდან, შესრულებულია – 35, ნაწილობრივ შესრულებულია – 31, შეუსრულებელია – 26.