იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევას იწყებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ 2024 წლის 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე (ვაკანტური 2025 წლის 1 სექტემბრიდან) განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2025 წლის 10 იანვრიდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ბრძანების თანახმად, ვაკანტური ხდება ადგილი, რომელიც ახლა მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძეს უკავია და რომელსაც 2025 წლის 1 სექტემბრიდან უფლებამოსილება უწყდება საპენსიო ასაკის, 65 წელს მიღწევის გამო.
გარდა ამისა, ვაკანტური გახდა კიდევ ერთი ადგილი – უვადოდ დანიშნული მოსამართლე შალვა თადუმაძე შს მინისტრის მოადგილე გახდა.
უზენაეს სასამართლოში ამ ეტაპზე 26 მოსამართლეა.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საბჭო მათ გადაარჩევს და შერჩეულ კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებს არც საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, და არც – საერთაშორისო საზოგადოება, ვინაიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მრავალმხრივი დარღვევებით წარიმართა. ათობით ათასი მოქალაქე უკვე 42 დღეა, სხვა მოთხოვნებთან ერთად ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც ითხოვს.