იუსტიციის საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს საქმიანობა შეუწყვიტა

პუბლიკა

„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა. საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.

ორგანიზაცია წერს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. ვინაიდან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, საბჭოს წევრებმა მისი საქმიანობა შეაფასეს. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70%-ს და შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე.

ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  მისი მოთხოვნა 1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა.

„აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამგვარი „ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება”, – ამბობს „სასამართლოს გუშაგი” და მომხდარს უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს. 

 „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, ნინო გიორგაძეს 3 წლის განმავლობაში წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2100 საქმე. საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.

„სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას და მინიშნებას”, – აცხადებს ორგანიზაცია.