იუსტიციის საბჭომ დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.

როგორც საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, საკითხის ინიცირებისას აღნიშნა, პრეზიდენტისადმი მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

„ამ მომართვის მიზანია, უფლებამოსილება შეუწყდეს ანა დოლიძეს, რადგან იგი უკვე არსებითად ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსთან. ასევე, იგი სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, – აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რომელიც გვრიტიშვილმა 25 ოქტომბერს საბჭოს წევრებს გააცნო.

უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს უჭერს საბჭოს 11 წევრი, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ორმა არამოსამართლე წევრმა, – ირმა გელაშვილმა და ნაზი ჯანეზაშვილმა.