იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას მხარი დაუჭირა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
9 კანდიდატი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. საბჭომ 9 მოსამართლე 50 კანდიდატიდან შეარჩია.
შერჩეულ მოსამართლეთა შორის არიან:
- გიორგი გოგიაშვილი
- გოჩა აბუსერიძე
- ლევან თევზაძე
- ქეთევან მესხიშვილი
- გიორგი შავლიაშვილი
- რევაზ ნადარაია
- ბიძინა სტურუა
- ეკა ზარნაძე
- ლაშა ქოჩიაშვილი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესვე 88 კანდიდატის ქვედა ინსტანციაში დანიშვნასა და 8 პირის ქვედა ინსტანციაში გადაყვანაზე იმსჯელებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ პროცესი დარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ დანიშვნის პროცესი რეფორმის მიღებამდე უნდა შეწყდეს.
„შერჩევა მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში და თანხვედრაში იყო პოლიტიკურ პროცესებთან. გასაუბრების ან თუნდაც სხვა ტიპის მოძრაობების ინტენსივობა უკავშირდებოდა პოლიტიკურ პროცესებს. პროცესი არ იყო იზოლირებული პოლიტიკისგან, ეს მიუთითებს იმაზე, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ და პარლამენტთან ე.წ. კლანი.
ასევე იყო პროცედურული დარღვევები. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა არის ნეპოტიზმი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ნაზი ჯანეზაშვილს გაცხადებული აქვს, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ იღებს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში, რომელიც, მისი შეფასებით, „საბოლოოდ დაასრულებს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებელი მოსამართლეებით დაკომპლექტების პერსპექტივას“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იყო გამჭვირვალე და თითოეული წევრის დასაბუთება ატვირთულია ვებგვერდზე. მისვე თქმით, კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლოს, ეს პროცედურები ჩატარდეს.
„შარლ მიშელის დოკუმენტი არის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეხება სასამართლო ხელისუფლებას თუ ის არ არის ასახული კანონში. ამასთან, უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა არ არის, ჩვენ წარვუდგენთ კანდიდატებს პარლამენტს და მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ, თუნდაც პოლიტიკური შეთანხმების გათვალისწინებით. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ ეს პროცედურებები ჩავატაროთ”, – განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.