იუსტიციის საბჭოს 2 არამოსამართლე წევრის ასარჩევად კენჭსყრა 2 კვირით გადაიდო

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში დღეს ფორმალურად ჩატარდა, უმრავლესობამ არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი. მომდევნო კენჭისყრა, რეგლამენტის მიხედვით, 2 კვირაში შედგება.

კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს კანდიდატებს კენჭს ფორმალურად უყრიდნენ და მომდევნო ორ კვირას კანდიდატებზე შეთანხმებისთვის კონსულტაციებს დაუთმობენ.

კენჭი ეყარა იმ კანდიდატებს, ვინც 17 მაისის სხდომაზე ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. მათ შორის იყვნენ რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე, ნინო ნიშნიანიძე.

ფარული კენჭისყრა კვლავ 90 დეპუტატის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, შესაბამისად, უმრავლესობის 84 დეპუტატისა და „ევროპელი სოციალისტების“ 4 დეპუტატის გარდა სხვა ოპოზიციონერების მხარდაჭერაც იყო საჭირო.

17 მაისს 90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

ოპოზიციიდან კანდიდატებს მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის უკვე ყოფილმა წევრებმა: ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა.

კენჭისყრის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც აღნიშნულმა წევრებმა ფრაქცია დატოვეს.