იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა, მათ შორის არიან იუსტიციის საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები და მოქმედი მოსამართლეები.
ინფორმაციას „სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, სიაში არიან:
- ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;
- პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო ის საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
- ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
- ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
- ეკატერინე კულულაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
- მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
- გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
- სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;
- გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
- გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
მათივე ცნობით, სიაში ასევე არიან ადვოკატები და სხვა იურისტები.
იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე სრული სია ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
„სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, კანდიდატებს შორის არიან ე.წ. სასამართლო კლანთან აფილირებული მოსამართლეები, მაგალითად ირაკლი ბონდარენკო, ბადრი შონია, პაატა სილაგაძე. მისი თქმით, ის, რომ სიაში უმრავლესობა მოქმედი მოსამართლეა, იმას ნიშნავს, რომ „შიდა წრეებით ხდება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება“. ეს კომენტარი ჯანეზაშვილმა „TV პირველთან“ გააკეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე, თუმცა ამჟამად უფლებამოსილებას 27 ახორციელებს, რომელთაგან 24 არჩეულია უვადოდ, ხოლო სამი – 10 წლის ვადით.
2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.
2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.
„სასამართლო გუშაგის“ შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად გათვალისწინებული რეფორმების დაწყებამდე უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება შეკითხვებს აჩენს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩების პროცედურა უფლებამოსილების ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.