„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მით უმეტეს, პარლამენტარს, ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციური წესრიგი განსაზღვრავს ხელისუფლების დანაწილებას და მოიცავს, რომ ერთი შტოს საქმიანობაში უხეშად არ უნდა ჩაერიოს.
მისივე თქმით, პარლამენტარის მიერ საკითხის შეფასებაც უხეში ჩარევაა.
„ეს არის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა და ჩვენ ამას არც ისე და არც ასე არ შევაფასებთ“, – ამბობს კობახიძე.
მისი თქმით, სასამართლოს კრიტიკის მიღმა პოლიტიკური ინტერესი დგას.
„მათ უნდათ, გაჭედონ სასამართლო და თვითონ მოიპოვონ ხელახლა კონტროლი სასამართლოზე, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. გვახსოვს სააკაშვილის და ადეიშვილის სასამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.
„პალიტრანიუსის“ წამყვანის შენიშვნაზე, რომ მიხეილ ჩინჩალაძე „ადეიშვილის ნდობით აღჭურვილ მოსამართლედ მიიჩნეოდა“, კობახიძე პასუხობს:
„არსებული მოსამართლეების დიდი ნაწილი მაშინაც მუშაობდა, მაგრამ სისტემა იმართებოდა სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ. მერე მოდიოდნენ კუბლაშვილი, სხვა მოსამართლეები, გიორგი პაპუაშვილი და ა.შ. მთლიანად დალაგებული ჰქონდათ სისტემა. დღეს ეს ადამიანები მათ მიერ აღიარებული და ცაში აყვანილი ექსპერტები არიან“, – განაცხადა კობახიძემ.
წამყვანის შეკითხვაზე, თუ მოსამართლე ერთი ხელისუფლების პირობებში მართულია, რატომ არ იქნება იგივე მეორე ხელისუფლების პირობებში, „ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს, რომ პოლიტიკური ნება შეცვლილია.
„ამიტომაა, 2012 წლამდე გვქონდა მილიონი ქეისი, რომ იქ ხდებოდა უბედურება, დღეს ერთი ქეისი ვერ მოაქვთ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სასამართლოში არის პრობლემა“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფში იმსჯელებენ და კანონპროექტს შეიმუშავებენ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია. გადაწყვეტილება საბჭომ სხდომაზე მიიღო.
მიხეილ ჩინჩალაძე მოაზრებულია ე.წ. სასამართლოს კლანის ლიდერად. ცოტა ხნის წინ მართლმსაჯულებაზე მომუშავე არასამთავრობოებმა მოსამართლეებს მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ მისი კანდიდატურისთვის.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთ პირობად აქვს წაყენებული, ვერ შესრულდება იმ პირობებში, როცა სასამართლოს მართავს ე.წ. კლანი მიხეილ ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების მეათურობით.
დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება 12 პირობის შესრულებას არ გეგმავს, რადგან ე.წ. სასამართლო კლანს „ოცნების“ მხარდაჭერა უმაგრებს ზურგს.