„ქართული ოცნების“ პარლამენტი იწყებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოების საქმიანობაში არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს.
➡︎ ცვლილებებს შორის ერთ-ერთია, რომ იუსტიციის საბჭოს მიენიჭება უფლებამოსილება, ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშე რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში შეარჩიოს მოსამართლე, რომელსაც დაევალება სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვაც, როგორც დროებითი ღონისძიება.
დღეს არსებული კანონით რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს შეუძლიათ, საქმის ელექტრონულად განაწილების წესით შერჩეულ მოსამართლეს, ამ მოსამართლის თანხმობით, დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა თუნდაც სხვა სპეციალიზაციის სამართლით.
შემოთავაზებული ცვლილებით კი თავმჯდომარის ნაცვლად იუსტიციის საბჭოს მიენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშე შეარჩიოს შესაბამისი მოსამართლე, რომელსაც მისი სურვილის შემთხვევაში დაევალება სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვა.
„რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ფუნქციონირებისას, ხშირია შემთხვევა, როდესაც შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლე, სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან (დროებითი შრომისუუნარობა, შვებულება, მივლინება და ა.შ.) გამომდინარე, ვერ ახორციელებს მართლმსაჯულებას.
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისათვის დამახასიათებელი საქმეთა სიმრავლის და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის პრობლემიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების მიზნის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია აღნიშნული მოსამართლე მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტიანად ჩანაცვლდეს, თუნდაც სხვა სპეციალიზაციის მოსამართლით“, – წერია ცვლილების დასაბუთებაში.
➡︎ გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში შესაძლებელი იქნება, რომ შეიქმნას სხვა სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიც (ერთი ან რამდენიმე პალატა/კოლეგია). დღეს არსებული კანონით სასამართლოში იქმნება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პალატები და საგამოძიებო კოლეგია.
➡︎ სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეებს ერთის ნაცვლად ორი მოადგილე ეყოლებათ, რომელთაც თანამდებობაზე იუსტიციის საბჭო დანიშნავს. ორი მოადგილიდან ერთ-ერთი საბჭომ შესაძლოა დანიშნოს პირველ მოადგილედ.
➡︎ იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურა.
შესარჩევი კანდიდატის შეფასებები და მათთან დაკავშირებული კენჭისყრები ფარულად, საბჭოს დახურულ სხდომებზე ჩატარდება.
კანდიდატების შეფასების ფარული პროცედურის შემდეგ იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე აღარ გამოქვეყნდება შეფასებების დასაბუთებები საბჭოს წევრის ვინაობის მითითებით. ამის ნაცვლად გასაჯაროვდება ქულების რაოდენობა და „განზოგადებული შეფასებები“.
შეფასებების შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კენჭი ასევე დახურულ სხდომაზე ეყრებათ. საჯაროდ აღარ გამოქვეყნდება საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული გადაწყვეტილებები და დასაბუთებები – გასაჯაროვდება მხოლოდ კენჭისყრის შედეგები და შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგინება.
„კანდიდატთა შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო ზეგავლენის (როგორც გარე ძალებისაგან, ისე – შიდა კორპორაციული) მოხდენის პრევენციისათვის, კანდიდატთა შეფასებები, ასევე – მათთან დაკავშირებული კენჭისყრები უნდა შედგეს (ჩატარდეს) ფარულად, საბჭოს დახურულ სხდომებზე“, – ნათქვამია ცვლილების დასაბუთებაში.
➡︎ თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის არჩევის შესახებ, საბჭოს შეეძლება, ან იგივე წესით ხელახლა წაურდგინოს პარლამენტს კანდიდატი, ან – შესარჩევი პროცედურა დაიწყოს თავიდან;
➡︎ ასევე იცვლება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კონკურსის გამოცხადებისა და თანამდებობაზე განწესების წესები.
კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მოსამართლე რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობაზე უვადოდ განწესდება. მოქმედ კანონში ეს ვადა განსაზღვრულია 3 წლით ან გათვალისწინებულ შემთხვევებში – უვადოდ.
➡︎ იუსტიციის საბჭოს ეხსნება ვალდებულება, საქალაქო ან სააპელაციო სასამართლოში ვაკანსიაზე ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელსა და არანაკლებ 2 ეროვნულ მაუწყებელს მიაწოდოს. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.
➡︎ ფარული იქნება 3 წლით დანიშნული მოსამართლის უვადოდ განწესების შესახებ კენჭისყრა.
➡︎ სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის დანამატის შესახებ კანონის დონეზე დაწესებული მინიმალური 10%-იანი ზღვარი უქმდება და დანამატის ოდენობის განსაზღვრა იუსტიციის საბჭოს დისკრეცია იქნება.
➡︎ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეთა კვოტა 6-ის ნაცვლად 7-მდე გაიზრდება. საბჭოში სულ 11 წევრია.
➡︎ იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე საბჭოს სხდომის გამართვამდე აღარ გამოქვეყნდება იმ ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც სხდომაზე უნდა განიხილონ. გამოქვეყნდება მხოლოდ სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი.
➡︎ 31 დეკემბრიდან უქმდება იუსტიციის საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი. შეიქმნება საქმეთა ელექტრონულად განაწილების პროგრამის უზრუნვლესაყოფად სტრუქტურული ერთეული და მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანხმობის შემთხვევაში დაინიშნება ამ ერთეულის ხელმძღვანელად.
კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე არიან.