იუსტიციის საბჭოს წევრის ასარჩევად კონკურსი საჭირო აღარ იქნება - ცვლილებები რეგლამენტში

პუბლიკა

მასალა განახლებულია მეორე მოსმენის დროს შესული ცვლილებით

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის არჩევა პარლამენტის ფრაქციის ან უფრაქციო წევრთა წარდგინებით მოხდება.

მოქმედი კანონით, იუსტიციის საბჭოს წევრები კონკურსის საფუძველზე ირჩევიან.

კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა).

კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები 90-ხმიანი მხარდაჭერით. კენჭისყრა სამტურიანია. ვაკანტური თანამდებობის შესავსებად, შესაძლოა, საჭირო გახდეს კენჭისყრის სამ ტურად ჩატარება.

ეს ცვლილებები გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების პროექტში.

მეორე მოსმენით განხილვის დროს „ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ მომხსენებელს, დავით მათიკაშვილს შესთავაზა, რომ თუ კონკურსი პარლამენტის მიერ ასარჩევ წევრებზე უქმდება, იგივე მოხდეს პრეზიდენტის მიერ შესარჩევ ერთი წევრის შემთხვევაშიც. დავით მათიკაშვილმა ეს რეკომენდაცია გაიზიარა.

დღეს არსებული კანონით, პრეზიდენტი ქმნის საკონკურსო კომისიას, საკონკურსო კომისია გაესაუბრება იუსტიციის საბჭოს წევრობის მსურველებს და შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს.

„ოცნებამ“ დააინიციირა პაკეტი, რომლითაც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში NGO-ების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი ცვლილებები შედის 14 კანონში.

„ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორებიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ცესკოს წევრების არჩევისა და სხვა მნიშვნელოვანი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია, სრულად რეალიზდეს ქართველი ხალხის ინტერესები. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.