იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული: საჯარო უწყებებში მიმდინარე რეპრესიები იმაზე მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე პოლიტიკური დევნაა

პუბლიკა

იუსტიციის სახლიდან პარლამენტისკენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სისტემაში შემავალი სსიპ-ების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების სოლიდარობის მარში იმართება.

მარშს შეუერთდნენ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და სოლიდარობა გამოუცხადეს უსამართლო რეპრესიებს მსხვერპლებს, ვინც პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო გათავისუფლდა სამსახურიდან.

იუსტიციის სახლიდან ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეგი კაციტაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა:

„შეტყობინება მივიღე 8 იანვარს, რომ იუსტიციის სახლი წყვეტს ჩემთან შრომით ურთიერთობას. ამ ეტაპზეც ვარ ჯერ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დასაქმებული, დანიშნული ვარ ღია კონკურსის წესით, თუმცა იმ კანონიდან გამომდინარე, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა, უვადოდ დანიშნული ხელმძღვანელი პირები გადაგვიყვანეს ხელშეკრულებით დასაქმებულებად, რამაც მათ საშუალება მისცა, მარტივად შეეწყვიტათ ჩვენთან შრომითი ურთიერთობა და დისკრიმინაციის ბერკეტად გამოიყენეს ეს კანონი.

მიმაჩნია, დღეს საჯარო უწყებებში მიმდინარე რეპრესიები იმაზე მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე დასაქმებულთა პოლიტიკური დევნაა. ეს მიზნად ისახავს ისეთი  მნიშვნელოვანი ფუნდამეტური უფლებების ჩამორთმევას საჯარო მოსამსახურეებისთვის, როგორიცაა აზრის და გამოხატვის თავისუფლება. სწორედ ამ უფლების გამო ვისჯებით – ეს ყველაფერი იუსტიციის სახლის 2000-ზე მეტი თანამშრომლისთვის ძალიან ცალსახაა და ამასთან დაკავშირებით არავის არ უჩნდება შეკითხვა, კონკრეტულად რის გამო მოხდა ჩემი და სხვა პირების გათავისუფლება.

29 ნოემბერს გავავრცელეთ იუსტიციის სახლის სახელით ევროინტეგრაციის და კონსტიტუციის 78-ე მუხლის უპირობო მხარდაჭერა, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია პოლიტიკისგან და მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელ სულისკვეთებას შეიცავს. ამ განცხადებას მოაწერა ხელი 600-მდე თანამშრომელმა და ეს გახდა ჩვენს მიმართ ღიად დაწყებული რეპრეისების საფუძველი.

ამ კანონიდან გამომდინარე ამ ეტაპზე 5 თანამშრომელთან წყდება შრომითი ურთიერთობა, ველოდებით თარიღს, როცა აღარ უნდა მივიდეთ უწყებაში. ეჭვი მაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და კანონით გამარტივებულ რეორგანიზაციის პროცედურას სისტემა გამოიყენებს რიგითი თანამშრომლების გასათავისუფლებლად, რომლებიც საშტატო პოზიციაზე არიან უვადოდ“, – თქვა მან.

მიხელ ყაველაშვილმა 2024 წლის 30 დეკემბერს ხელი მოაწერა „ოცნების“ პარლამენტის მიერ დაჩქარებულად, სამ დღეში მიღებულ ცვლილებას საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.

ცვლილების მიხედვით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები გახდნენ.