იუსტიციის სახლმა ფაქტობრივი კარანტინის პერიოდში თანამშრომელი გაათავისუფლა

პუბლიკა

იუსტიციის სახლმა 1 აპრილს, ქვეყანაში ფაქტობრივი კარანტინის დროს სამსახურიდან გაათავისუფლა თავის დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომელი.

ივანე აფციაურის თქმით, ის 2018 წლიდან მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურის ფასანაურის საზოგადოებრივ ცენტრში. 2020 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი ცენტრები იუსტიციის სახლს დაექვემდებარა, მაგრამ დაკისრებული პასუხისმგებლობა იგივე იყო.

მისივე თქმით, სამსახურიდან გათავისუფლება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა სატელეფონო ზარით შეატყობინა.

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით 30 მარტიდან ყველა ცენტრმა შეწყვიტა მუშაობა. გაგვიშვეს სახლში და მოგვიწოდეს სახლში დარჩენისკენ…

საგანგებო მდგომარეობაში, როცა მე, წესით, სახლში უნდა დავრჩე და მშვიდად ვიყო, ამ დროს მირეკავენ, რომ უნდა გავიდე ცენტრში, გადავაბარო დოკუმენტები, ჩავაბარო გასაღები და ა.შ. ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, გარეთ სიკვდილი თარეშობს და ერთი ხელის მოსმით მიშვებენ გარეთ. რაც არის დიდი უსამართლობა“, – აცხადებს ივანე აფციაური Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

აფციაურის თქმით, დამსაქმებელმა ეს გადაწყვეტილება შესრულებული სამუშაოსა და უნარ-ჩვევების შეფასების საფუძველზე მიიღო, თუმცა მისივე თქმით, შემფასებელმა არარეალური ქულები დისტანციურად დაწერა და დასაქმებულებს არ შეხვედრია.

„ნატალია აბაშმაძე გვწერდა მეილებს, რომ დღეებს ითვლიდა ჩვენთან შესახვედრად, მაგრამ არ დადგა ის დღე, რომ მოსულიყო და რეალური შეფასება დაეწერა…

მან სამარცხვინო და არარეალური ქულები დაგვიწერა. ყველაფერი ყოველთვის იყო თავის ადგილზე, მათ შორის პროფესიონალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს ჩემი განვითარებისთვის არანაირი გადამზადება და ტრენინგები არ შემოუთავაზებია ბოლო 3 თვის განმავლობაში“, – ამბობს აფციაური.

გათავისუფლებული თანამშრომელი აცხადებს, რომ დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და თუ საქმეს სჭირდებოდა, საღამოს 6-ის ნაცვლად სამსახურში 9 საათამდეც რჩებოდა.

„უსამართლობაა, როცა გამოცდილი თანამშრომელი აკეთებს ძალიან ბევრს განვითარებისთვის, იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი და შედეგი დაიდოს ყოველთვის. შედეგად რას ვიღებთ? – როგორც ნივთი გადადეს გვერდზე. თანამშრომელი არ არის ნივთი“, – ამბობს ივანე აფციაური.

იუსტიციის სახლში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ცენტრები იუსტიციის სახლს შეუერთდა, ივანე აფციაურთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით. ყოფილი დამსაქმებელი აცხადებს, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში შესრულებული სამუშაოსა და უნარ-ჩვევების შეფასების საფუძველზე, ასევე  მისი დისციპლინის გათვალისწინებით, ივანე აფციაურთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

„იუსტიციის სახლი მოკლებულია შესაძლებლობას, გაასაჯაროოს შეფასებისა და სამსახურებრივი გადაცდომების შესახებ არსებული მოცემულობა, ვინაიდან იგი შეიცავს ბატონი ივანეს პერსონალურ ინფორმაციას. თუმცა გადაჭრით ვაცხადებთ, რომ პროცედურა სრულად შეესაბამება კანონმდებლობას, რის შესახებაც ბატონი ივანე ინფორმირებულია“, – განგვიცხადეს იუსტიციის სახლში.

იუსტიციის სახლს „პუბლიკამ“ ასევე მიმართა შეკითხვებით – რა მეთოდებითა და კრიტერიუმებით შეაფასეს დასაქმებული? ასევე რა ფორმით ეცნობა ივანე აფციაურს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ? და გადაუხდიან თუ არა მას ანაზღაურებას მიმდინარე ან მომდევნო თვეში? პასუხებს მიღებისთანავე გაგაცნობთ.