იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მივმართე აღსრულების ბიუროს – შენგელია

პუბლიკა

ბაჩანა შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უწყებას დაევალა, ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრსა და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა  და ამიტომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს.

„კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავი, უკვე მესამე დღეა, ხელისუფლების ერთი შტოს ნაწილი –იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს მეორის – სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ჩემთვის საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე. არც ვიცი, რა ვთქვა. ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ იყო, დასაწყისშივე ჩანდა, თუმცა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნა და იძულებითი აღსრულების დაწყება თუ მომიწევდა, მართლა არ მეგონა. თუმცა უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ მოთხოვნით და შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“. – წერს შენგელია facebook-ზე.

ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ორ საქმეზე მიდის დისციპლინური საქმის წარმოება. ერთი საქმე სანოტარო ბიუროში ბაჩანა შენგელიას შემცვლელის ყოფნას ეხება, მეორე საქმეზე კი ნოტარიუსს სამინისტრო დისციპლინურ დარღვევას facebook-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტების გამო ედავება.

ბაჩანა შენგელიას შეფასებით, სამინისტროს არგუმენტები უსაფუძვლოა და დედის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო, მისი მხრიდან მძიმე შეფასებებისა და პოზიციების გამო იდევნება.

ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბაჩანა შენგელიას საქმის წარმოებამ პრობლემები ორი მიმართულებით გამოაჩინა – ერთი მხრივ, არსებული კანონმდებლობის ხარვეზი; მეორე მხრივ კი, რჩება განცდა, რომ ეს არის ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობა.