იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილი პატიმართან, იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს.
სამინისტრო წერს, რომ არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ასაჯაროებენ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.
უწყების მტკიცებით, ეს მასალა აჩვენებს, რომ ბრალდებულის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„აღნიშნული დღეების სრული ვიდეომასალა (14 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, სრული ვიდეომასალა, დაახლოებით 220 საათი), კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულია გამოძიების მიერ და ასევე ხელმისაწვდომი იყო გარდაცვლილი პირის უფლებადამცველისთვის.
ვიდეო N1 – 2025 წლის 21 იანვარი
-
14:35 – ბრალდებული ი.გ. გაყვანილია აბანოში.
-
15:10 – ი.გ. უვნებლად ბრუნდება საკანში.
ვიდეო N2 – 2025 წლის 22 იანვარი
-
13:16 – ბრალდებული ი.გ. გამოიყვანეს საკნიდან და რეკავს ტელეფონზე.
-
13:25 – შედის ექიმის ოთახში (სადაც ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობს).
-
13:32 – დააბრუნეს საკანში.
ვიდეო N3 – 2025 წლის 23 იანვარი
-
08:09 – მომსახურე პატიმარმა მიაწოდა საკვები.
-
09:24 – ჩატარდა დილის შემოწმება; საკანში შევიდა თანამშრომელი (დაჰყო 1 წუთამდე და გამოვიდა).
-
09:32 – დარიგდა საკვები.
-
11:24 – მომსახურე პატიმარმა საკნის კართან დადო მაღაზიის პარკი.
-
11:32 – თანამშრომელმა შეაწოდა აღნიშნული პარკი (საკანში არ შესულა, ესაუბრა 1 წუთამდე).
-
12:40 – სოციალური დანაყოფის თანამშრომელი მივიდა საკანთან (არ შესულა, გაესაუბრა საამანათე დარაბიდან).
-
13:51 – მომსახურე პატიმარი ესაუბრება საამანათე დარაბიდან.
-
14:03 – დარიგდა საკვები.
-
14:25 – თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯით შევიდნენ საკანში.
-
14:27 – საკანში შევიდნენ ექიმი და ექთანი.
-
14:51 – ი.გ. საკაცით გაიყვანეს საკნიდან.
-
15:00 – დაწესებულებაში მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
-
15:01 – სასწრაფოს ექიმები შევიდნენ სამედიცინო ოთახში.
-
15:19 – სასწრაფოს ექიმები გამოვიდნენ ოთახიდან.
-
15:21 – ი.გ. მოათავსეს სასწრაფოს მანქანაში.
-
15:24 – სასწრაფოს მანქანა გავიდა ე.წ. „შლუზიდან“.
-
15:58 – ბრალდებული შეყავთ კლინიკა „ვივამედში“.
—–
იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით 23 იანვარს გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა.
კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმარს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ციხის ადმინისტრაციისგან ინფორმაციას მოითხოვდნენ.
მათივე განცხადებით, ოჯახისთვის გორგაძის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ არავის უცნობებია – თანამესაკნემ შეატყობინა ადვოკატს და შემდეგ ადვოკატი დაუკავშირდა მათ.
ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მაშინ თქვა, რომ გორგაძეს სახეზე 37 მოტეხილობა ჰქონდა. ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა არ იცოდნენ, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.
პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“.
პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ.
დღეს, 5 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში კი მიუთითა, რომ „გამოძებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა”.
დღესვე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა, რომ 23 იანვარს იოსებ გორგაძე საკანში უგონო მდგომარეობაში ნახეს, „ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ, დაეცა”, ეჭვი მიიტანეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაზე და წინასწარი ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.
მისივე თქმით, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა წარბის არეში, „რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით, განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცით გვერდით მყოფ რკინის მაგიდას. კლინიკაში ჩატარებული მაღალტექნოლოგიური კვლევებით, კერძოდ, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ნანახი იყო თავის სარქვლისა და ფუძის ძვლების დაზიანებები”.
5 მაისსვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „როგორც გაირკვა, საკანში, სადაც ურთქმელიძე იყო მოთავსებული, არ მიმდინარეობდა ვიდეომეთვალყურეობა”.
ომბუდსმენმა მიუთითა, რომ აუცილებელია, ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მრავლობითი დაზიანებების წარმომავლობის შესახებ კითხვებს.
იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატის თქმით, ავარია გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.