იუსტიციის სამინისტრო in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინ ვიტრო განაყოფიერების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგ ჯერზე დაზუსტდა.

„კერძოდ, წყვილს (კვლავაც იგულისხმება ქალი და მამაკაცი მხოლოდ), რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის არ უნდა წარმოადგენდეს ფიქტიურ წყვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისათვის.

ამისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივი თანაცხოვრების ფაქტი შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის მთავარი პრიორიტეტია სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ.

„სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან. ასევე, სახელმწიფოს ვალია, ბავშვთა უფლებების  გარდა, დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება („სუროგატი დედა”)”. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100 პროცენტი – საქართველოს მოქალაქე ქალები. ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა და იმ დროს პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო მოცემული სფერო“, – ნათქვამია განცხადებაში. სრულად უწყების განცხადება იხილეთ ბმულზე.