იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

„სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთავაზობთ, რომ გადაყვანილ იქნას გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ ექიმების მუშაობას. ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ.“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.


რა პოზიციაა ამ დრომდე ცნობილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ?

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ 19 ნოემბერს გლდანის მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პირადად არ ემხრობა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას.

ის ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზით განმარტავს – ჰოსპიტალში არ არის სათანადო აღჭურვილობა და ის სპეციალისტები (ყიფშიძის ვარაუდით, 25 სხვადასვხა პროფილის სპეციალისტი), რომელიც ექსპრეზიდენტს სჭირდება, თბილისში ცხოვრობენ.

გორის ჰოსპიტლის საკითხზე გუშინ ისაუბრა ნინო ლომჯარიამაც.

მისი თქმით, სააკაშვილს სთხოვა, განეხილა გორის ჰოსპიტალში გადასვლის საკითხი.

„თუ იქნება მიღებული გადაყვანაზე გადაწყვეტილება, მეც პირადად ვესაუბრე მესამე პრეზიდენტს და ვთხოვე, რომ განეხილა, მათ შორის, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ეს ჰოსპიტალი რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, მაგრამ თუ აკმაყოფილებს, შესაძლებელია ესეც იყოს გამოსავალი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით ცნობილია ასევე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოზიციაც. ხოშტარია სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა, შიმშილობს.

მისი განცხადებით, გაიარა კონსულტაცია სპეციალისტებთან და დაასკვნა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც სააკაშვილის მკურნალობა შესაძლებელია.