იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. FARA-ზე საიას საჩივრის მიღებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა სამი ორგანიზაციის და სამი ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დაობენ, თითქოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი არღვევს მათ უფლებებს, ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საჩივრები შეტანილი არის გასული წლის ივლისსა და აგვისტოში და ევროპულმა სასამართლომ თითქმის 9 თვის თავზე გამოაგზავნა სახელმწიფოსთან საპასუხოდ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. პირდაპირ მითითებულია, რომ ვადები ექნება სახელმწიფოს სტანდარტული, კერძოდ, ივლისის ბოლომდე უპასუხებს სახელმწიფო ამ შეკითხვებს, შემდეგ შეკითხვებს უპასუხებენ თავად მომჩივნები და წლის ბოლოს, ასევე, საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“ -ნათქვამია ბექა ძამაშვილის განცხადებაში.
დღეს საიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 31 მარტს სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“, ე.წ FARA-ზე საჩივრის განხილვა დაიწყო.
საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შეკითხვები გამოუგზავნა იუსტიციის სამინისტროს. სახელმწიფოს პოზიციის წარდგენის ვადად 2026 წლის 21 ივლისი განესაზღვრა, ხოლო ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს.