იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო პროგრამებზე წვდომა აღუდგინა

პუბლიკა

ბაჩანა შენგელიას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სანოტარო პროგრამაზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა, შეზუღდვა მოუხსნეს. ინფორმაციას ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. სანოტარო ელექტრონულ რეესტრსა და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა იუსტიციის სამინისტროს 1 ივლისს საქალაქო სამართლომ დაავალა.

„თუმცა ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში“, – წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ის საქმიანობდა. მან გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროდან მიღებული წერილი, რომელშიც წერია, რომ გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა ბაჩანა შენგელიას facebook-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით მიმართავდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამჟღავანებას და პოლიტიკური შეფასებებს.

მინისტრის ეს ბრძანება ბაჩანა შენგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.