სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და განმცადებელთა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის შეფასებით:
„მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია, ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა.
კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან.
რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს, ამ ნაწილშიც ხარვეზები ვერ დაინახა ევროპულმა სასამართლომ. მისი შეფასებით, ის ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, კერძოდ, ვერსია, რომ გასროლა განხორციელდა დაკავების ოპერაციის დროს, რადგან სპეცრაზმელმა აუცილებლად ჩათვალა ხელყუმბარის განეიტრალება, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არის სარწმუნო, და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“. ეს ვერსია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა და არსებით ნაწილში მთავარ კითხვას გაეცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
რაც შეეხება ხარვეზებს გამოძიებაში, ძამაძვილის შეფასებით, „მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხა ყველა შესაბამისი პირი, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა. ამ ნაწილში დადებითადაა შეფასებული, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე,
მაგალითად: ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ადგილის მთლიანობის საკითხზე და ამბობს, რომ, როდესაც სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა, მაშინ აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა და ამის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო შეიქნა ოთახში არსებული ცალკეული ნივთების, მათ შორის, ხელყუმბარის, ადგილის შეცვლა. აქვე ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციებში პირის გადარჩენის ინტერესი, პირველადი დახმარების აღმოჩენის ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოძიების ადგილის მთლიანობის შენარჩუნება.
ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მთლიანობაში ყველა პირი გამოიკითხა, ვინც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, თვითონ სპეცრაზმელები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და ცალკეული პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ცალკეული ხარვეზების გამო, რაც მან გამოძიების საწყის ეტაპზე დაინახა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო პროცედურული დარღვევა და ამ დარღვევისთვის სახელმწიფოს მოუწევს მატერიალური კომპენსაციის გადახდა მომჩივნებისთვის“, – განმარტა ბექა ძამაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მანიპულაციურია. სამინისტროს ოფიციალური განცხადება იხილეთ ბმულზე.
„იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მანიპულაციურია”, – ასე აფასებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწყების წარმომადგენლის განცხადებას.
ორგანიზაცია ძამაშვილის შეფასებებს პუქნტობრივად პასუხობს:
1 – ევროპული სასამართლო არსად ამბობს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო. ამასთან დაკავშირებით მეტიც, სასამრთლო უთითებს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანგარიშები, რამაც საქმის ამ ნაწილში სათანადო გამოძიების შესაძლებლობაც შეზღუდა.
ევროპულმა სასამართლო ზოგადად უთითებს, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული დრო ჰქონდა დაკავების ოპერაციის დასაგეგმად და მისი მიზანი არ ყოფილა ტერორისტული აქტის პრევენცია.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში კონტტერორისტული სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, ჩატარდა დაკავების საგამოძიებო მოქმედება, რაც თავად გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა აღიარებული.
2 – გასროლის ნაწილი
ეს მსჯელობა ასევე უსაფუძვლოა და მანიპულაციური. ევროპულმა სასამართლომ პირველ რიგში მიუთითა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხარვეზულობის გათვალისწინებით, ვერ შეაფასა სახელმწიფოს პასუხისმგელობა გასროლის ნაწილში. სიცოცხლის უფლების არსებით ასპექტზე მსჯელობის დროს სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ სწორედ ეროვნულ დონეზე გამოძიების ხარვეზრბის გამო, რომელმაც სამართლებრივად ვერ გადაჭრა მხარეთა ვერსიებს შორის არსებული კონფლიქტი და მას არ მისცა საკმარისი მტკიცებულებები, მისთვის სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტის დარღვევის დადგენა შეუძლებელი გახადა. ევროპული სასამართლო სრულიად სხვა კონტექსტში უთითებს, რომ ის იღებს მთავრობის არგუმენტს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არსებობდა წინააღმდეგობის გაწევის რისკი. სასამართლო ამ შეფასებას გადაწყვეტილებაში იყენებს იმ არგუმენტის გასავითარებლად, რომ გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა და სწორედ ამით ახსნა, რომ მან მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა.
ჩვენი ორგანიზაცია, არ ეთანხმება სასამართლოს მხრიდან ეფექტიანი კონტროლისა და მტკიცების ტვირთის საკითხზე ამგვარ განმარტებას და გეგმავს ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩვრებას დიდ პალატაში. მტკიცების ტვირთის ამგვარი გაგება გახდა ერთ-ერთი წევრი მოსამართლის კრიტიკის საგანიც, რომლემაც მიიჩნია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მოლოდინის მიღება სასამართლოს მხრიდან უსაფუძვლო იყო იმ ფონზე, როცა ხელყუმბარის ამოღების პროცედურის სანდოობა ეჭვქვეშ იდგა და არ არსებობდა სხვა მტკიცებულებებიც, რომელიც ამ ეჭვებს ქმნიდა.
ამასთან, სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქმეზე სუს-ის მიერ ჩატარებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკა და ხელყუმბარის ამოღების სანდოობა, რადგან ამ მოქმედებით გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაირღვა. აქვე ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე გამოძიების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დარღვევა მთლიანად რისკის ქვეშ აყენებს გამოძიების შემდგომ პროგრესს. ამ პირობებში ცხადია, რომ სასამართლომ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების ჩხრეკისა და ამოღების პროცედურის დარღვევა მიიჩნია და ეს პირდაპირ გამორიცხავს, ბატონი ძამაშვილის შეფასებას, ხელყუმბარის ჩადების შესახებ მაჩალიკშვილის ოჯახის ეჭვები გაქარწყლდა.
3 – „გარკვეული ხარვეზები გამოძიების საწყის ეტაპზე”
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების ( მე-2 მუხლის) პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება ამ საქმეზე. ევროსაპულმა სამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და ფაქტობრივად გამოძიების პრობლემურობაზე განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა.
კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, 1. სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, ვინაიდან პირველი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები საქმის შედეგით დაინტერესებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს, რასაც შეეძლო რისკის ქვეშ დაეყენებინა საქმის შემდგომი განვითარება.
2. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ დაგვიანებით გამოკითხა როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირები, ასევე სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკები, რასაც მათთვის ჩვენებების ურთუერთშეჯერების პირობის შექმნა შეეძლო. 3. პროკურატურამ სათანადოდ ვერ შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე სისხლის კვალი და ყურსასმენის არსებობის საკითხი;
4. განმცხადებლების მონაწილეობა გამოძიების პროცესში ხარვეზიანი იყო და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათი ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიებაშ, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების არცერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რის გამოც ოჯახმა ვერ შეძლო გაესაჩივრებინა თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების შეწყვეტა. აქვე, ევროსასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არცნობის მიუხედავად, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახს და ადვოკატებს ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქმეში მონაწილე სპეცრაზმელების ჩვენების შინაარსის დროული გაცნობის უფლება და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგები ოჯახს დაგვიანებით გააცნეს.
4 – კომპენსაციის საკითხი
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის პარალელურად მოუწევს ხელახლა დაიწყოს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე და უზრუნველყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელმაც სწორედ სპეცოპერაციისა და ძალის გამოყენების მართლზომიერების საკითხი უნდა შეაფასოს.