ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.
IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა და ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო ხაზინა შეფასდა. იუსტიციის სამინისტროს სისტემა 2018 წელსაც ყველაზე დაღუხულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა.
2019 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი IDFI-მ შეაფასა 284 საჯარო დაწესებულების და 6,240 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე.
IDFI-ის ცნობით, კვლევის ძირითადი მიგნებებია:
► 2019 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (24%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტების ანგარიშების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემების (сv) და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაცემასთან;
► ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ – 99% და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -98,3%.
► 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუმჯობესა ფინანსთა სამინისტრომ (+30,63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%). ხოლო ყველაზე მეტად გააუარესა მთავრობის ადმინისტრაციამ (-23,16%);
► 2019 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (83%) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია;
► 2019 წელს 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულების რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით განახევრდა;
► 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული სრულყოფილი პასუხები 10%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-ით გაიზარდა.
ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები:
IDFI-ის კვლევით, 2019 წელს ყველა მოთხოვნა სრულყოფილად და 10-დღიანი ვადის დაცვით გასცა 25-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის:
100% – სტატისტიკის ეროვნული სამსახური;
100% – სახალხო დამცველი აპარატი;
100% – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ:
99% – საგარეო საქმეთა სამინისტრო;
98.3% – პარლამენტის აპარატი;