იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით პარლამენტმა არც ერთი რეკომენდაცია არ გაიზიარა - ბურჯანაძე

პუბლიკა

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანიძის განცხადებით, დღეს პარლამენტში 6-საათიანი შეხვედრა გაიმართა იუსტიციის საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი რეკომენდაციაა. თუმცა განხილული საკითხებიდან პარლამენტში არც ერთი არ გაითვალისწინეს.

„1) იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლეები +1 ხმა იქნება საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად როგორც დღესაა. ზოგგან მხოლოდ მოსამართლეების ხმები იქნება საჭირო; არაფერი იცვლება ამ მიმართულებით;

2) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის არსებული მოდელი არ იცვლება; აშშ-ის საელჩოს არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული. მოვისმინეთ ვენეციის კომისიის მოსაზრებების სხვადასხვა „ინტერპრეტაციები“.

ჩვენ პოზიციებთან მიმართებით შევთავაზეთ პარლამენტს ვენეციის კომისიისთვის მიმართვა, რათა მათ შეეფასებინათ ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას ჩვენი ვერსია (ამ არგუმენტს გვიყენებდნენ საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილების თაობაზე). პასუხად მივიღეთ რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და ვენეციის კომისიას ვერ ვკითხავთ ყველაფერზე აზრსო.

იქიდან გამომდინარე რომ დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია მართლმსაჯულების გარშემო მიმდინარე საკითხების თაობაზე.

ევროკომიისის მიერ დადგენილი წინაპირობებიდან ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სასამართლო და მის შიგნით კი იუსტიციის უმაღლლესი საბჭოს რეფორმა (“undertake a thorough reform of the High Council of Justice”). სამწუხაროდ ამ მიმართებით პარლამენტი არცერთ ცვლილებას არ თანხმდება ჯერჯერობით“, – წერს გიორგი ბურჯანაძე.