იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც აქტივისტების ინფორმაციით მოსამართლეების კონფერენცია იმართება, სინდისის პატიმრების მშობლების აქცია მიმდინარეობს – მათ მოსამართლეებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
მშობლებს ხელში უჭირავთ იმ მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, რომლებიც მათი შვილების საქმეებს განიხილავენ.
პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ ესენი არიან მოსამართლეები, რომელთაც „უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ“ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა საქმეებზე.
„ეს მოსამართლეები არიან ჯალათები, რომლებმაც ჩვენი შვილები ოთხ კედელში გამოამწყვდიეს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩავყვებით. ესენი არიან შეშინებულები და სწორედ ამიტომაა აქ ამდენი პოლიცია”, – ამბობს ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ტვ პირველთან”.
„მოსამართლეებს ვეტყვი პირდაპირ, ჩვენი, დედების ცრემლი წაიღებთ და წალეკავთ, ჩვენი შვილების ცოდვა არ გაახარებთ არცერთს. არ გავჩერდებით, ასე ვიდგებით ყოველთვის. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არიან მონები და დარჩებიან მონებად”, – პატიმარ გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ „ტვ პირველთან”.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.