იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

ნინო ქადაგიძემ საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 17 მარტს კი პარლამენტმა ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. ქადაგიძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია.


ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. საზოგადოებისა და დეპუტატთა ნაწილის მწვავე პროტესტის შემდეგ კანდიდატმა, სიის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტს მიმართა, არ განეხილათ მათი კანდიდატურები.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო.

გაეცანით „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მომზადებულ ბროშურას ნინო ქადაგიძის შესახებ.