ივა ფეზუაშვილი: სასაცილო, საწყენი და საშიშია, 30 ხელოვანს დააბრალო რევოლუციის მოწყობა

პუბლიკა

მწერალი, ევროკავშირის პრემიის გამარჯვებული ივა ფეზუაშვილი სუსის განცხადებას, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე შეკრებილები ხელისუფლების ჩამოშლას სწავლობდნენ, სასაცილოც არის და საშიშიც. ივა ფეზუაშვილი ერთ-ერთია, ვინც ტრენინგს დაესწრო.

მან „ტვ პირველთან” თქვა, რომ ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას მიაწვდინო ხმა, მაგალითად, მწერალთა სახლში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ის, რომ 30 ხელოვანს დააბრალო, რომ უნდა ქვეყნის გადატრიალება და რევოლუციის მოწყობა, ძალიან სასაცილო და საწყენია. მაგრამ, ამავდროულად ძალიან საშიშია. როცა ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ეს ნიუსი და ბრიფინგი და როცა ვნახე, რომ [სათვალთვალო] კამერა ჰქონდათ დამონტაჟებული, და შემდეგ ვნახე ვიდეო, რომელსაც ყოველთვის ისე ამონტაჟებენ, როგორც უნდათ – ძალიან ძნელია, მოქალაქეს აუხსნა, რომ მონტაჟის დროს ჭრა ისე აქვთ გაკეთებული, რომ 2 აზრი მიაწებონ, რომელიც ცალ-ცალკე ითქვა, რათა ისე გამოიყვანონ, როგორც თვითონ სჭირდებათ”. – თქვა მწერალმა.

მან ისიც ახსნა, რას ეხებოდა 4-დღიანი ტრენინგი.

„ტრენინგი იყო არაძალადობრივი პროტესტის შესახებ და ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც ამ ტრენინგს ჰქონდა იყოს, რომ როგორ მიგვეწვდინა ჩვენი ხმა ფართო საზოგადოებისთვის, მაგალითად მწერალთა სახლში რატომ უნდა ინიშნებოდეს დირექტორი არჩევნების წესით და რატომ არ უნდა ნიშნავდეს პირდაპირ ქალბატონი მინისტრი. ვუყურეთ დოკუმენტურ ფილს მარტინ ლუთერ კინგის შესახებ. ფილმი ეხებოდა სეგრეგაციის პროცესის მშვიდობიანად გაპროტესტებას შავკანიანების მიერ 60-იან წლებში.

თუ 30 ხელოვანს შეიძლება უსმენდე არ ვიცი შემდეგი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს და მართლა მაშინებს, რომ ხვალ ბელორუსში ან რუსეთში არ გავიღვიძოთ. ჩვენ არც არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს, არც პარტია გვაქვს, არც დაფინანსება გვაქვს, უბრალოდ მგონია, რომ ჩემ უკან დგას სიმართლე, რომ არ შეიძლება ხელოვნებას ებრძოლო ცენზურით, რეპრესიებით და მხოლოდ და მხოლოდ ამას ვაპროტესტებ, მეტს არაფერს”. – ამბობს ივა ფეზუაშვილი.

დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 26-29 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

უწყების მტკიცებით, „ტრენერები იყვნენ სერბეთის მოქალაქეები: სინისა სიკმანიიელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც ახლა „კანვასის” წევრები არიან”.

სუსისვე განცხადებით, „26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ”.

„კანვასის” 3 წევრი – სერბეთის 3 მოქალაქე სუსმა 29 სექტემბერს გამოჰკითხა. უწყების 18 სექტემბრის განცხადების თანახმად, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით”.

USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლიზა კოვაკმა სუსის პასუხად 30 სექტემბერს თქვა, რომ „კანვასის“ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა”. მისი თქმით, USAID ძალიან ამაყია, რომ თანამშრომლობს „კანვასთან“.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტრენინგი ჩატარდა რეალურად 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით –  ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგის აღწერის თანახმად, “სასწავლო კურსმა კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომები გააცნო. კურსმა ერთმანეთთან დააკავშირა თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან”.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ძალაუფლების მრუდი, არაძალადობრივი სტრატეგია და ტაქტიკა, კომუნიკაციის სტრატეგია.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მუშაობს უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და პასუხისმგებელი საზოგადოების ასაშენებლად. CANVAS-ის ოფისები გახსნილია ვაშინგტონში, კუალა ლუმპურშიმალეიში, თბილისში, იოჰანესბურგსა და ბელგრადში მიზნად ისახავს, მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიონ ადგილობრივ აქტივისტებს. ორგანიზაცია ემსახურება ინიციატივებს, რომლებიც ეყრდნობა არაძალადობრივი ბრძოლის და შემოქმედებითი აქტივიზმის პრინციპებს.

საქართველოში ფუნქციონირებს „კანვას საქართველო”. მას გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს.

18 სექტემბრის განცხადებაში უწყებამ დაასახელა გვარებიც, რომლებიც „რევოლუციური სცენარის” მიღმა დგანან: ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე,  გიორგი ლორთქიფანიძე და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ასევე, ახსენა ორგანიზაცია „კანვასი“ – სუსი ამბობს, რომ „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით იყენებენ ორგანიზაცია „კანვასს“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

ოპტორს”, რომელსაც სუსი ახსენებს, სერბული საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1998-2004 წლებში არსებობდა და თავის დროზე შთაგონება გახდა, მათ შორის, ქართული საპროტესტო მოძრაობისთვის „კმარა” და უკრაინული მოძრაობისთვის – „პორა“.

რაც შეეხება ორგანიზაცია „კანვასს“ (CANVAS), ის ბელგრადში სლობოდან ჯინოვიჩმა და სრჯა პოპოვიჩმა 2005 წელს დააფუძნეს იმ მიზნით, რომ „მხარი დაუჭირონ არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში”. „კანვასი” ამბობს, რომ შექმნის დღიდან მუშაობს დემოკრატიის მომხრე აქტივისტებთან 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და სუსს სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ განუცხადებია, თუმცა, არცერთ შემთხვევაში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები და არ გაუსაჯაროებია გამოძიება და მისი შედეგები.