ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ ფრანგული ლიტერატურული პრემიის (Prix Médicis étranger) გრძელ სიაში მოხვდა

პუბლიკა

ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი“ ჟიურის პირველი შერჩევის შემდგომ პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემიის Prix Médicis étranger გრძელ სიაში მოხვდა.

რომანი 2023 წელს ფრანგულ ენაზე გამოცემულ საუკეთესო უცხოურ რომანებს შორისაა!

ივა ფეზუაშვილის რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში.

ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ… წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა.

ასევე წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.