ივანიშვილმა მითხრა, ეს თქვენი გადაწყვეტილება არისო – პრეზიდენტი შეწყალებაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებამდე მან გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა სხვა სახელისუფლებო შტოები – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერი გიორგი გახარია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა უპასუხა ივანიშვილმა, როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ზურაბიშვილი პასუხობს: „თქვენი გადაწყვეტილება არისო“.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” მხარდაჭერით გაიმარჯვა, მას ივანიშვილმა უთხრა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი იქნებოდა.

„[ივანიშვილმა მითხრა] თქვენი გადაწყვეტილება არისო, როგორც, სხვათა შორის, მითხრა პირველივე დღიდან, როცა არჩეული ვიყავი და როცა შევხვდით ამის მერე. რომ იცოდეთ, თქვენ კი დაგეხმარეთ ყველანაირად „ოცნების“ იქენი არჩეული, მაგრამ ეს არის თქვენი პრეზიდენტობა, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს და იცოდეთ, რომ თქვენ იქნებით დამოუკიდებელი თქვენს გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ „ოცნების” წევრებთან არ უმსჯელია და გაიხსენა პირობა, რომელიც არჩევის შემდეგ დადო, რომ იქნებოდა ზეპარტიული პრეზიდენტი.