ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობა" მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის

პუბლიკა

„არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!”, – ამის შესახებ ქართლი ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დასაჯეს. ივანიშვილი ამბობს, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

„ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება.

საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა.

…საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას” გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს.

არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა” მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!”, – განაცხადა ივანიშვილმა.