ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო კრების დეპუტატს, ახრა ფაჩულიას „რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების” განხილვის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა ჰქონდა, რა დროსაც მას დაუსვეს კითხვა: „ბიძინა ივანიშვილი ჩადებს ფულს აფხაზეთში, ხომ ბიზნესმენია, რუსეთის მოქალაქეც არის, ჩემი აზრით?”.
რაზეც ის პასუხობს, თუ ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეა, „ფაქტობრივად, დიახ”.
12 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ნოემბერს დაკავებული ყველა „ოპოზიციონერი“ გაათავისუფლეს.
დაკავებულები იყვნენ ომარ სმირი, გარი კოკაი, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. საოკუპაციო რეჟიმმა დაკავების მიზეზად მათ მიერ „პარლამენტის წევრის“, ალმას აკაბის მიმართ „არაკანონიერი ქმედებები“ დაასახელეს.
„ოპოზიციონერების“ დაკავებამ ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. მათ დაკეტეს 3 ხიდი, მათ შორის გუმისმთის და კოდორის ხიდები. დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ გზები გაიხსნა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ კოკაიას, არძიმბას და ჯოპუას „ბრალი წარუდგინა წვრილმანი ხულიგნობისთვის, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო სამართალწარმოება შეწყვიტა“. სმირსა და გვარამიაზე ე.წ. სასამართლოს „საქმის წარმოება“ არც დაუწყია.
ე.წ. ოპოზიციონერების დაკავებამდე ცნობილი გახდა, რომ 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა მოახდენდა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას.
„საინვესტიციო შეთანხმება” აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთთან 30 ოქტომბერს გააფორმა.
„შეთანხმება“ რუსულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საინვესტიციო პროექტები ოკუპირებულ აფხაზეთში. „შეთანხმებას“ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რატიფიცირება სჭირდება.
ამ შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა თითქმის იმავე შინაარსის ე.წ. „აპარტამენტების კანონის“ მიღების მცდელობა და პროტესტი.
„კანონი” უცხოელებს, ძირითადად, რუსებს ოკუპირებული რეგიონში ბინების აშენებისა და ყიდვის საშუალებას მისცემდა. მას ე.წ. ოპოზიცია და ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ, ის საოკუპაციო რეჟიმმა 25 ივლისს გაიწვია და არ დაამტკიცა.