ივანიშვილი: საელჩო ვერ დაასახელებს განცხადებებს, როცა აშშ-ს ან EU-ს შანტაჟში ვადანაშაულებთ

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს განცხადებებს, როცა პირადად ის ან „ქართული ოცნების” წევრები აშშ-ს ან EU-ს ფინანსურ შანტაჟში ადანაშაულებენ.

ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის”. – დაწერა დღეს აშშ-ის საელჩომ ფეისბუქ-გვერდზე და დასვა კითხვა, რატომ უყვება ის [ივანიშვილი] ქართველებს სხვა ამბავს?

აშშ-ის საელჩოს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა განცხადებას უპასუხა ამ პოსტით.

თუმცა, გუშინ, 30 სექტემბერს კახა კალაძემ თქვა, რომ „არ ენდობა ევროპულ ბანკებს”, ვინაიდან მათ „ფორმალურად სანქცირებული ყავთ ბიძინა ივანიშვილი”.

ივანიშვილის ფორმალურად სანქცირებაზე წინა თვეებშიც არაერთი განცხადება გაკეთდა მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

მაგალითად, 13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „გლობალურ ომის პარტიას” „ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდი ჩაუვარდა ხელში, რაც დე ფაქტო სანქცირებაა”. პრემიერ-მინისტრის თქმით, ივანიშვილი სწორედ ამ მიზეზით არ შეხვდა თბილისში ჩამოსულ ჯიმ ო’ბრაიენს – მისივე სიტყვებით, ივანიშვილი „შანტაჟის ქვეშ“ შეხვედრებს ვერ გამართავს. მას „არ აინტერესებს“ და „არასერიოზულად უყურებს“ სანქციების საკითხს. მაშინ ო’ბრაიენმა თქვა, რომ „ივანიშვილი ამ ეტაპზე სანქცირებული არ არის”.

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ, 1 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია:

„როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ.

ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ „გლობალურ ომის პარტიაში” არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ „გლობალურ ომის პარტიას” აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.

სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან „გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია”.

ბიძინა ივანიშვილი ასევე ახსენებს deep state-ის შესახებ კონსპირაციას და ამბობს, რომ ეს აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზია.

„ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები”. – წერს ივანიშვილი.

კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად. 

ივანიშვილი ამბობს:

„სწორედ „გლობალური ომის პარტიაა” ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს.

ამ ფონზე, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას.

ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.

ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ. ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ. ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს”. – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


წინა თვეების განმავლობაში მმართველი პარტიის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს კონსპირაციული თეორიები „გლობალური ომის პარტიის” „გლობალური ძალების”, „ოლიგარქიული ძალების” შესახებ, რომლებიც აშშ-ს და მის სახელმწიფო დეპარტამენტს მართავენ. 

მაგალითად, 17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ: „დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში”.

ასევე, ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

28 ივნისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მმართველი გუნდი საუბრობდა „გლობალური ომის პარტიაზე”, რათა დაეცვათ დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია და თავიდან აეცილებინათ მათზე დარტყმა”.