თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა რომ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს სხვა მმართველების შემთხვევაში ყოფილა.
„მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და თავად განაცხადა უარი. რაც მთავარია, იმ ფონზე, როცა უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ რეალურად თუ გადავხედავთ ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის, თანამედროვე დემოკრატიის ისტორიას ამ 30 წლის განმავლობაში, იმის მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება, რომ ადამიანს გაემარჯვებინოს მესამე ვადით, დარჩა ხელისუფლებაში და ამის შემდეგ საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. ამ ფენომენს, რა თქმა უნდა, სჭირდება კარგად დაფიქრება, შეფასება და ამის შემდეგ დაფასება, რისიც მე მჯერა. ადამიანი რეალურად 20 წელზე მეტია, საკუთარ ქვეყანას და ხალხს ემსახურება, როგორც საკუთარი პირადი ფინანსური რესურსებით, ასევე მისი პოლიტიკური მოღვაწეობით. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც სულ რაღაც ცხრა წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილმა საჯარო წერილი დღეს გამოაქვეყნა, სადაც პარტიისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ საუბრობს.