ივანიშვილის ადვოკატი: რატომ იყო აუცილებელი და რას ემსახურებოდა ამ კანონპროექტის ინიციირება?

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა და ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყოფიანმა რადიო „იმედის“ ეთერში 10 მარტს რუსული კანონპროექტების გამო ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

როგორც მან თქვა, გაუგებარია რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება  და ამგვარი ვნებათაღელვის გამოწვევა.

„რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება? თუ ამ კანონპროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახები შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს, რატომ იყო აუცილებელი ამ კანონპროექტის ინიციირებით, ამ ვნებათაღელვის გამოწვევა? …გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მოტივი და თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით”, – თქვა მან გადაცემაში.

ის ხაზს უსვამს, განსაკუთრებით გაუგებარი იყო ამგვარი ნაბიჯი ქვეყნის არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველომ არაერთი გაფრთხილება მიიღო პარტნიორებისგან, რომ ეს დააზიანებდა პროცესს, რომელიც ევროპისკენ სვლას ეხება.

„…მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს კანონპროექტი პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის, რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ეს უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. თუ ეს ვერ იქნა უკეთ ახსნილი და იმას დაემსგავსა, რომ ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონპროექტი განგვეხილა…

უნდა ჩამოეწერათ ამ კანონპროექტის მინუსები და პლუსები. ჩემი აზრით, მინუსები გაცილებით ჭარბი იქნებოდა, ვიდრე პლუსები.

დავხელოვნდით იმაში, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით გაუგებარი მოტივით პრობლემებს და მერე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა, ასევე გარე რესურსს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუთუ არ შეიძლება, რომ ქართულმა პოლიტიკამ სიმწიფის უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი შეფასება, უკეთესი ანალიზი, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი? ნუთუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნისაკენ ვიაროთ ნაკლები ტკივილის, ნაკლები წვალების ხარჯზე?” – თქვა მან.


თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები.

10 მარტს 12 საათზე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო მეორე კანონპროექტი „უცხოური აგენტების  რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც არ იყო მიღებული პირველი მოსმენით, ინიციატორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს.