ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონი გააპროტესტეს.
ისინი მსვლელობით გაემართნენ უნივერსიტეტის შენობიდან მესხიშვილის თეატრამდე, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღე იმართება.
გზად მათ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.
„ჩვენ ძალიან გაგვიხარდებოდა, ახლა უნივერსიტეტში ვიყოთ და ვსწავლობდეთ. მაგრამ ხელისუფლება ამის საშუალებას არ გვაძლევს იმ კანონით, რომელიც შემოაქვთ და რომელიც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს მომავალზე”. – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს” დაფინანსებით დაარსდა.
პარლამენტი დღეს, 30 აპრილს „ქართული ოცნების” მიერ მეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს II მოსმენით განიხილავს. პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.