ივანიშვილის ჰუმანურობა გამოჩნდა მაშინ, როცა მელიას „ქართუს“ საქმეზე პირობითი მიესაჯა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ითანამშრომლებს ყველა იმ ოპოზიციურ ძალასთან, რომლებიც გამოეყოფიან დესტრუქციულად განწყობილ ძალას.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ნიკა მელიას შესახებ. მისი თქმით, ნიკა მელია გასამართლებულია ბანკ „ქართუს“ საქმეზე და მას პირობითი სასჯელი მიესაჯა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის ჰუმანური პოლიტიკა.

„მელიასთან მიმართებით, ნახეთ როგორი ჭკვიანური სვლა გამართეს. ბატონი მელია არის გასამართლებული. მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი. ამაშიც გამოჩნდა ჰუმანური პოლიტიკა ყოფილი ჩვენი თავმჯდომარის, ბატონი ივანიშვილის საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა, თუ არ ვცდები და ჯარიმა, რომელიც გადაიხადა, ანუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ 2-3 თვის წინ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნიკა მელია ბრალდებულია მძიმე დანაშაულში, რომელიც გულისხმობს პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას. პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არც ერთ ქვეყანაში მსგავს დანაშაულზე ადამიანებს ინდულგენციებს არ აძლევენ.

„გვეუბნებიან, რომ იმ მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც მან, სავარაუდოდ, ჩაიდინა და რასაც იძიებს შსს და პროკურატურა, მე ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობას, გვეუბნებიან რომ, თურმე, არ უნდა შევეხოთ. მე გეკითხებით, რომელ ქვეყანაში აძლევდნენ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულებზე ადამიანებს რაღაც ინდულგენციებს? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი დამნაშავეების თავშესაფარი?“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე უსმენენ. მოსმენის შემდეგ დეპუტატები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სხდომათა დარბაზში და მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ.