ივანიშვილის მრჩევლები: „პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება"

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები „კრედიტ სუისსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.

ვრცელ განცხადებაში მიმოხილულია საფინანსო ორგანიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის დავა და აღნიშნულია, რომ „კრედიტ სუისის“ მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, რის გამოც ივანიშვილის მხარე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას განაგრძობს.

ივანიშვილის იურისტები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის ფინანსური დავები ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებამ გაართულა.

ევროკომისიამ ამ რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაცია გასცა.

„2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გაკეთდა რეკომენდაცია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართ ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ბანკმა უკანასკნელი გადმორიცხვები კლიენტის მიმართ სწორედ 14 დეკემბრის შემდეგ აწარმოა. რატომ გავუსვით ხაზი ამ გარემოებას: ჩვენ ვთქვით, რომ გერნსის კუნძულზე არსებული ტრასტი მართავს ივანიშვილის „კრედიტ სუისს“-ს გადარჩენილი თანხების უდიდეს ნაწილს. ეს თანხები ახლა სხვა შვეიცარიულ ბანკშია, თუმცა იმყოფება „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მართვის ქვეშ. არც „კრედიტ სუისს“-ს, როგორც ბანკს და არც მის ტრასტს არანაირი ფინანსური ინტერესი არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ასრულებდეს ივანიშვილის ინსტრუქციებს თავისივე კუთვნილ თანხებთან მიმართებით. შესაბამისად, გერნსის ტრასტის ამ მოქმედებებს ჩვენ ვუწოდეთ პოლიტიკური შანტაჟი, რადგან ის ჯერ კიდევ მარტის თვიდან მოყოლებული გადარიცხვებს თავდაპირველად „აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის“ საბაბით აბრკოლებდა. ამასთან დაკავშირებით იურისტებს შორის ხანგრძლივი, რამდენიმე თვიანი მიმოწერა მიმდინარეობდა. ამასობაში, „კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფას-დაკარგულ (არ-გაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკის მენეჯმენტი ივანიშვილს სასამართლოში ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის გამო უშვებს, რომელიც ევროპის საბჭომ და ევროკომისიამ დააიგნორა.

„ჩვენ გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ აბსურდში ვართ დღეს: ერთი მხრივ, ბანკის მენეჯმენტი ერთ-ერთი ტრასტის მართული თანხებიდან (სადაც მსხვილი თანხაა) გადმორიცხვის განხორციელებაზე უარს ამბობს და სასამართლოში გვიშვებს ევროპარალამენტის იმ რეზოლუციის გამო, რომელიც იგნორირებულ იქნა, როგორც ევროპის საბჭოს, ისე ევროკომისიის მიერ, რითაც გაგვიფორმა გადმორიცხვის დაგვიანება სულ მცირე ერთი წლით (2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე, ისიც თუ სასამართლო მარტში შედგა გერნსიზე);

ხოლო მეორე ტრასტის მართული თანხები უპრობლემოდ გადმორიცხვა ევროპარლამენტის უფრო ძლიერი რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე. ამით ბანკის მენეჯმენტმა თვითონ აჩვენა, თუ რამდენად საფუძვლიანია (უფრო ზუსტად კი – უსაფუძვლოა) მათი მხრიდან მითითება პირველ რეზოლუციაზე. ეს უკანასკნელი გადმორიცხვა ბანკის მენეჯმენტმა მხოლოდ და მხოლოდ სინგაპურის პრინციპული მოსამართლისთვის ანგარიშის გაწევით მოხდა, რადგან მოსამართლემ მკაფიოდ დასვა კითხვა უმიზეზოდ გაჭიანურებული გადახდების შესახებ, რის იგნორირებასაც ბანკი უბრალოდ ვერ მოახდენდა, თუნდაც ევროპარლამენტის რეზოლუციის უგულებელყოფის. ეს უკანასკნელი, ბანკის მენეჯმენტისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა.

ეს ყოველივე ნიშნავს და გულისხმობს, რომ პოლიტიკური შანტაჟი გრძელდება და, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.