ივანიშვილის ოფშორული კომპანიები Pandora papers-ის გაჟონილ ფაილებში მოხვდა

პუბლიკა

Pandora papers-ის გაჟონილ მასალებში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ზონებში დაფუძნებული კომპანიები მოხვდა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი გაჟონილი მასალების ნაწილი 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის პლატფორმაზე (ICIJ).

მასალების მიხედვით, ივანიშვილმა 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე 12 კომპანია დააარსა. ICIJ-ის ცნობით, მისი კომპანიების ქონებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მწირია. ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი იყო „საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების“ კონტროლი. კიდევ ერთი ობიექტი – Brighton Corporate Ltd კი იმისთვის დაფუძნდა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის „გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო“. თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კი  ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებს ისეთ პროექტებში, როგორიცაა ჰესები, სასტუმროები, სათბურები და ა.შ.

Pandora Papers-ის მასალებში თავმოყრილია იმ 14 ფირმიდან გამოჟონილი მასალებიც, რომლებიც კლიენტებს ოფშორულ ზონებში კომპანიების დაარსებაში ეხმარებიან. მათ შორის ერთ-ერთია კომპანია Alcogal. გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის ინფორმაციით, სწორედ Alcogal-ს მიმართა ოფიციალური წერილით ვირჯინის კუნძულების ფინანსურმა მარეგულირებელმა 2011 წლის ოქტომბერში და ჰკითხა ივანიშვილისთვის დაფუძნებული კომპანია Finseck-ის შესახებ. Alcogal-მა კი უპასუხა, რომ კომპანია დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და იგი ივანიშვილმა შვილების კეთილდღეობისთვის დააფუძნა. გაჟონილ დოკუმენტებში არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მარეგულირებლის დაინტერესება ან როგორ გადაწყდა ეს საკითხი.

ჟურნალისტთა კონსორციუმმა კითხვებით მიმართა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელ გიორგი ბაჩიაშვილს, თუმცა მან კითხვები უპასუხოდ დატოვა.

Pandora papers ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ჟურნალისტური გამოძიებაა. წყაროებსა და დოკუმენტებზე 117 ქვეყნის 600-ზე მეტი ჟურნალისტი მუშაობდა. გაჟონილ მასალებში 12 მილიონამდე ფაილი იყრის თავს, მათ შორის 6 მილიონი დოკუმენტი, თითქმის 3 მილიონი ფოტო და მილიონობით სხვა მასალა. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ფაილებით გამოაშკარავდა მსოფლიოში უმდიდრესი და ძლევამოსილი ადამიანების, მათ შორის 90 ქვეყნიდან 330 პოლიტიკოსის ოფშორებში გადამალული ქონება.

როგორც Global Financial Integrity-ის ექსპერტი BBC-სთან განმარტავს, „ამ ადამიანებს შეუძლიათ შავი ფული გაათეთრონ, მოიპარონ და გადამალონ“.

„მასალები გვიჩვენებს, როგორ მალავენ ქონებას პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები ან მათი ოჯახის წევრები იმ ფირმების დახმარებით, რომლებიც კომპანიებს ოფშორულ ზონებში აარსებენ“, – ვკითხულობთ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ვებგვერდზე.

The Washington Post-ის ჟურნალისტი გრეგ მილერი კი უმდიდრესი ადამიანების მიერ ოფშორულ ზონებში ქონების გადამალვას ასე აღწერს: „ეს გახლავთ ადგილები, სადაც ფულს ინახავენ, რათა თავიდან აირიდონ იმ ქვეყნის გადასახადები, სადაც ეს ფული იშოვეს“.

Pandora papers-ის გაჟონილ მასალებში ასევე მოხვდა ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა, ალიევების ოჯახი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ა.შ.

ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები