ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის და წასვლის პროცესიც იყო ქველმოქმედების აქტი – თურნავა

პუბლიკა

„ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედი, რაც დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, იმიტომ, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი ქველმოქმედების აქტი“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

„ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ეს ცლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადაავეებს და ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა, პრაქტიკულად, ახალი მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული.

დღეს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ მესამედ ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან და ამითი ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია და საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს“, – განაცხადა თურნავამ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილმა საჯარო წერილი დღეს გამოაქვეყნა, სადაც პარტიისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ საუბრობს.